შალვა პაპუაშვილი ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის გაუქმებაზე: სრულად ვიზიარებ ირაკლი კობახიძის ახსნას – საკითხს აქვს ორი განზომილება – სამართლებრივი და პოლიტიკური

პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღვანდელ ბიუროს სხდომაზე რამდენიმე დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ისაუბრა.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, საკითხი მოიცავს, როგორც სამართლებრივ, ასევე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.

„რაც შეეხება უფლებამოსილების შეწყვეტას, ვფიქრობ, ამ თემაზე ფართო დისკუსია გაიმართა და განსხვავებით გაზაფხულზე გამართული დისკუსიისგან, მგონი, ახლა უკვე ყველა თანხმდება, რომ უფლებამოსილების შეწყვეტას აქვს ორი განზომილება. ერთი ეს არის სამართლებრივი საფუძველი, არსებობს თუ არა სამართლებრივი საფუძველი უფლებამოსილების შეწყვეტისა და მეორე, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი. რამდენადაც მახსოვს, როდესაც პირველად დადგა შარშან გაზაფხულზე უფლებამოსილების შეწყვეტა-არშეწყვეტის საკითხი, მაშინ პირიქით იყო მსჯელობა, რომ თუკი სამართლებრივი საფუძველი მოცემულია, პარლამენტი ვერ მიიღებდა სხვა რაიმე გადაწყვეტილებას თუ არა უფლებამოსილების შეწყვეტა. საკონსტიტუციო საჩივრებიც კი იყო ამასთან დაკავშირებით შეტანილი. ახლა, როგორც ჩანს, ვთანხმდებით ყველა, რომ გვაქვს სწორედ ეს ორი განზომილება, სამართლებრივი და პოლიტიკური. სამართლებრივთან დაკავშირებით საპროცედურო კომიტეტმა იმსჯელა, საკუთარი დასკვნა წარმოადგინა.

რაც შეეხება პოლიტიკურს, სწორედ ამაზე იყო მათ შორის თქვენი მხრიდანაც პლენარული სხდომის დროს არგუმენტები წარმოდგენილი, რომ მიუხედავად იმისა იქნებოდა თუ არა სამივე შემთხვევაში სამართლებრივი საფუძველი მოცემული, გამომდინარე პოლიტიკური მოსაზრებებიდან, მორალურიდან თუ სხვა, დეპუტატებს მოვუწოდებდით, მიეღოთ პოლიტიკურად სხვანაირი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ახსნას, ირაკლი კობახიძემ ახსნა კიდევაც ეს საკითხი და მე სრულად ვიზიარებ ამ ახსნას, ვინაიდან საქმე ეხება იმას, რომ როდესაც არ ხდება სისტემის აღიარება და სახელმწიფოს აღიარება, როცა საქმე ეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს თავისთავად ქმნის პრობლემას. სწორედ ეს არგუმენტაცია ჰქონდა წარმოდგენილი ბატონ ირაკლის. ორი განზომილება აქვს ამ გადაწყვეტილებას, სამართლებრივი და პოლიტიკური, ამაზე ყველა ვთანხმდებით. სამართლებრივ ნაწილზე ნათქვამია უკვე საპროცედურო კომიტეტის გადაწყვეტილებაში, დასკვნაში და პოლიტიკური გადაწყვეტილებაში უკვე ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება კენჭისყრის შედეგად გუშინ შეუწყვიტა.