მოლაპარაკების პარალელურად ხარკოვს მასიურად ბომბავენ, დაღუპულია ათობით ადამიანი

მოლაპარაკების პარალელურად ამ წუთებში ხარკოვი რუსული საოკუპაციო ძალების მიერ იბომბება. როგორც შეტევის ამსახველ კადრებზე ადგილობრივები წერენ, სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვა ერთდროულად მიმდინარეობს.

გარდა ამისა, ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონი გერაშჩენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გერაშჩენკოს ინფორმაციით ათობით დაღუპული და ასობით დაჭრილია.

„ეს საშინელება მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს! ოკუპანტი კლავს!“- წერს გერაშჩენკო.

ცნობისთვის, უკრაინასა და რუსეთს შორის უკრაინა-ბელარუსის საზღვართან მოლაპარაკებები დაიწყო. უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხეილ პოდოლიაკი, სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის წარმომადგენელი უკრაინის მხრიდან ანდრეი კოსტინი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიკოლა ტოჩიცკი.