რუსეთმა მსოფლიო ატომური არმაგედონის საფრთხის ქვეშ დააყენა – უკრაინის რადას თავმჯდომარე

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოკუპანტების თავდასხმასთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

მისი თქმით, რუსეთმა მთელი მსოფლიო ატომური არმაგედონის საფრთხის ქვეშ დააყენა:

,,უკრაინის პარლამენტის სახელით მივმართავ უკრაინელებს, ევროპელებს და მთელ მსოფლიოს. რუსეთმა მთელი მსოფლიო ატომური არმაგედონის საფრთხის ქვეშ დააყენა. ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით ინტენსიურად ისვრიან. ეს არ არის შემთხვევითობა, მიზანმიმართული ქმედებაა, რომელიც მსოფლიოსთვის კატასტროფას გამოიწვევს. უკრაინული ჩერნობილის ინციდენტი, რომელიც 36 წლის წინ მოხდა, ეკოლოგიისთვის კატასტროფული მოვლენა იყო. ზაპოროჟიეს კატასტროფა კი ბევრად უფრო დიდი იქნება, ვიდრე ჩერნობილი. ეს იმას ნიშნავს, რომ პუტინი დანაშაულს მთელი მსოფლიოს წინაშე ჩადის. შესაძლებელია, ამან საფრთხე მთელ კაცობრიობას შეუქმნას”, – ამბობს რადას თავმჯდომარე.