ამ ორდერით დასტურდება, რომ 2008 წლის ომში საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი იქნა ომის დანაშაული – ეს თავისთავად, ჩვენი ქვეყნის დიდი გამარჯვებაა – შალვა პაპუაშვილი

ამ ორდერით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი იქნა ომის დანაშაული – ეს თავისთავად, ჩვენი ქვეყნის დიდი გამარჯვებაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილმა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო განსაკუთრებული მადლობა იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურას გადაუხადა.

,,თავისთავად, ეს გახლავთ საქართველოს კიდევ ერთი გამარჯვება ამ საქმეში. კერძოდ, ჩვენ ახლა გადაწყვეტილებების მთელ ტალღას ვხედავთ. ჩვენ ვნახეთ შარშან, იანვარში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადასტურა, რომ არის ოკუპაცია. ვნახეთ, რომ ამ გადაწყვეტილებაშიც იგივე ტერმინოლოგია არის გამოყენებული ოკუპაციასთან დაკავშირებით და გარდა ამისა, ამ ორდერით დაემატა შემდეგი რამ, რომ დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი იქნა ომის დანაშაული. ანუ, ჩვენ ფაქტობრივად, ამ ერთი წლის განმავლობაში ორი სამართლებრივი აქტი გვაქვს. ეს თავისთავად, ჩვენი ქვეყნის დიდი გამარჯვება გახლავთ და მე განსაკუთრებით ამას მივულოცავ და ამავე დროს შრომას დავუფასებ, იუსტიციის სამინისტროს, რომელიც ამ საქმეებში ქვეყნის წარმომადგენლები გახლავთ და პროკურატურასაც მათ შორის,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა, კარიმ ხანმა აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერისთვის განაცხადი შეიტანა.