მიხეილ სააკაშვილი – თუ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა ქართული საჰაერო სივრცის გამოყენება ნებართვის გარეშე განახორციელა მთავრობამ უნდა უნდა გააპროტესტოს ან ეს ჩაითვლება საბრძოლო მოქმედებებში ჩართვად უკრაინის წინააღმდეგ

საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა ახსნას, როგორ მოხდა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის მიერ ქართული საჰაერო სივრცის გამოყენება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდნეტის მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქამი.

როგორც სააკაშვილი წერს, სამართლებრივად, ვერცერთი თვითმფრინავი ვერ გაივლის სხვა ქვეყნის საჰაერო სივრცეში ამ ქვეყნის კონკრეტულად მიცემული ნებართვის გარეშე.

„საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა ახსნას, როგორ მოხდა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის მიერ ქართული საჰაერო სივრცის გამოყენება. თუ ეს მართლა მოხდა მათი ნებართვის გარეშე, მაშინ ხმამაღლა უნდა გააპროტესტონ და ნოტა გაუგზავნონ რუსეთს შვეიცარიის საელჩოს გავლით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჩაითვლება საბრძოლო მოქმედებებში ჩართვად უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის მხარეს.

სამართლებრივად, ვერცერთი თვითმფრინავი ვერ გაივლის სხვა ქვეყნის საჰაერო სივრცეში ამ ქვეყნის კონკრეტულად მიცემული ნებართვის გარეშე”, – წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავს არ გადაუკვეთავს და საქართველოს ცა გამოიყენა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს კუთვნილებაში არსებულმა საჰაერო ხომალდმა. სამინისტრო განმარტავს, რომ რეისი იყო ჩვეულებრივი სამოქალაქო დანიშნულების ფრენა, რომელსაც არ ესაჭიროება საქართველოს მხრიდან რაიმე დამატებითი ნებართვა.

2008 წლიდან რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებისთვის საქართველოს საჰაერო სივრცე დაკეტილია, ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის თვითმფრინავი სამხედრო სტატუსით არ სარგებლობს.