“ჩვენს კანონპროექტში ისეთი ტიპის რეგულაციებია, უცხო ქვეყნის მოქალაქე იშვიათი გამონაკლისის გარდა მიწას ფაქტიურად ვერ შეიძენს, ანუ აკრძალვა გამოდის!”

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, “ქართული მიწის დაცვის კომიტეტის” წევრებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქართული მიწის შეძენას შეუზღუდავს. ასევე მიუღწეულია შეთანხმება “ქართული ოცნების” დეპუტატთან ამ კანონპროექტის პარლამენტში გასატანად. მიწის საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის წევრი ზვიად ტომარაძე დამატებით ინფორმაციას ავრცელებს:

-“მიწის საკითხთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო შემდეგი:
ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტი შეზღუდვებს უწესებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ტერმინმა “შეზღუდვამ” და არა აკრძალვამ საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგელენი დააბნია. საქმე იმაშია, რომ აკრძალვა ძნელად მისაღწევია, რადგან ცვლილებებს საჭიროებს საქართველოს კონსტიტუციაში, თუ რა რთული პროცედურაა ჩასატარებელი კონსტიტუციაში ცვლილების მისაღწევად, ყველამ ვიცით და ამაზე აღარ შევჩერდები, რაც შეეხება შეზღუდვებს, ჩვენს კანონპროექტში ისეთი ტიპის რეგულაციებია, უცხო ქვეყნის მოქალაქე იშვიათი გამონაკლისის გარდა მიწას ფაქტიურად ვერ შეიძენს, ანუ აკრძალვა გამოდის, ხოლო სახელად კი შეზღუდვა ჰქვია. სწორედ ასეა ევროპის უმრავლეს ქვეყანაში, მიწის შეძენა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აკრძალული არა აქვთ, თუმცა კანონმდებლობაში ისეთი ბარიერები აქვთ დაწესებული რომ ვერ შეიძენენ.

კანონპროექტის მიხედვით: უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეთ:

1. თუ გააჩნიათ საქართველოში ბინადრობის ნებართვა;
2. თუ გააჩნიათ საქართველოში აგრარულ სექტორში საქმიანობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება.
3. თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მიღებული აქვთ მემკვიდრეობით.
4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა საკუთრებაში საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მისი დამფუძნებელი და 50%-ზე მეტი წილის მესაკუთრე არის საქართველოს მოქალაქე.
5. უცხოელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება წარმოეშვებათ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.
6. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული უცხოელი იურიდიული პირის და უცხოელი ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საერთო რაოდენობის 10%-ს.

კომენტარის დატოვება