მე თავადაც დავკარგე შვილი და ვიცი, რომ ეს არ არის ნუგეში ოჯახებისთვის, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს, მაგრამ პუტინს ეგონა, რომ უკრაინას უბრძოლველად გადაუვლიდა, მას კი მამაცი უკრაინელები დახვდნენ – ბაიდენი

მიუხედავად ვლადიმერ პუტინის სისასტიკისა, შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ეს ომი არის სტრატეგიული მარცხი რუსეთისთვის, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილი მოქალაქეებისადმი სიტყვით გამოსვლისას.

ჯო ბაიდენის თქმით, პუტინს ეგონა, რომ უკრაინას უბრძოლველად გადაუვლიდა, მაგრამ ღირსეული მეტოქე დახვდა.

„მე თავადაც დავკარგე შვილი და ვიცი, რომ ეს არ არის ნუგეში ოჯახებისთვის, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს, მაგრამ პუტინს ეგონა, რომ უკრაინას უბრძოლველად გადაუვლიდა. ამის ნაცვლად, რუს სამხედროებს დახვდათ ღირსეული მეტოქე მამაცი და ხისტი უკრაინელების სახით. უკრაინის წინააღმდეგობის გატეხვის ნაცვლად, რუსეთის სასტიკმა ტაქტიკამ გააძლიერეს წინააღმდეგობა, ნატო-ს დაშლის ნაცვლად, ახლა დასავლეთი უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. რუსეთს სურდა, რომ მის საზღვრებთან ნატო ნაკლებად ყოფილიყო წარმოდგენილი, მაგრამ ახლა რუსეთის სიახლოვეს ნატო უფრო მეტად და ძლიერადაა წარმოდგენილი, 100 000-ზე მეტი ამერიკელი და ნატოელი ჯარისკაცით. რუსეთმა გამოიწვია ის, რაც მას არასდროს ჰქონდა მიზნად. დემოკრატიები მსოფლიოში გამოცოცხლდნენ, მათ ამოძრავებთ მიზანი და ისინი ერთიანები არიან, რისი მიღწევაც მოხერხდა რამდენიმე თვეში; ადრე ამას წლები სჭირდებოდა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.