ჯო ბაიდენი – არც კი იფიქროთ ნატო-ს ტერიტორიაზე ერთი სანტიმეტრით შეჭრაზეც კი, ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრის კოლექტიური დაცვის ვალდებულება გვაქვს

არც კი იფიქროთ ნატო-ს ტერიტორიაზე ერთი სანტიმეტრით შეჭრაზეც კი, ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრის კოლექტიური დაცვის ვალდებულება გვაქვს, – ამ სიტყვებით მიმართა რუსეთს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილი მოქალაქეებისადმი სიტყვით გამოსვლისას.

„აშშ ეხმარება უკრაინას შეიარაღებით, თუმცა მე მკაფიოდ ვთქვი, რომ ამერიკული ძალები ევროპაში რუსეთთან კონფლიქტში ჩასართავად არ იმყოფებიან. ამერიკული ძალები ევროპაში იმყოფებიან ნატო-ს მოკავშირეების დასაცავად.

გუშინ მე შევხვდი სამხედროებს, რომლებიც პოლონეთის საზღვარზე მსახურობენ, რათა გააძლიერონ ნატო-ს ძალების თავდაცვის ხაზი. ამის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ მკაფიოდ გვინდა, განვაცხადოთ, არც კი იფიქროთ ნატო-ს ტერიტორიაზე ერთი სანტიმეტრით შეჭრაზეც კი. ჩვენ გვაქვს წმიდათაწმინდა ვალდებულება, მეხუთე მუხლის მიხედვით, რაც ითვალისწინებს ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრის კოლექტიურ დაცვას.

მანამდე, მე ვეწვიე ეროვნულ სტადიონს, სადაც ათასობით უკრაინელი ლტოლვილი იყო შეკრებილი, რომლებიც ყველაზე რთულ კითხვას სვამენ – რა მოგვივა? რა გვეშველება? რა ეშველება ჩემს ოჯახს? მე დავინახე ცრემლი დედების თვალში, ვნახე პატარა ბავშვები, როლებმაც არ იციან, იცინონ თუ იტირონ. ერთმა პატარა გოგონამ ინგლისურად მკითხა, ბატონო პრეზიდენტო, ჩემი ძმა და მამა კარგად იქნებიან? მე შევძლებ მათ ნახვას კიდევ ერთხელ?“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა.