ვაპირებ, მივმართო საქართველოს ოპოზიციას, თუ საქართველოს ხელისუფლება არ მიდის უკრაინაში, მაშინ საქართველოში არსებობენ პოლიტიკოსები, ვინც უნდა ჩავიდნენ უკრაინაში, ბუჩაში – ხატია დეკანოიძე

ვაპირებ მეორედ წავიდე უკრაინაში და ასევე მოვუწოდებ, ჩემს კოლეგებს, ყველამ ერთად ვნახოთ, რას ჩადის რუსეთი და როგორი სამხედრო დანაშაულის ადგილი გახდა მთელი უკრაინა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძეს ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მიერ ბუჩაში მიწვევაზე შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ „საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნის, დიპლომატიური დემარშების, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულების განუმარტებლობის ფონზე, უკრაინაში ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ ჩანს“.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ მიდის უკრაინაში, მაშინ საქართველოში არსებობენ პოლიტიკოსები, ვინც უნდა ჩავიდნენ უკრაინაში, ბუჩაში. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, თავად აპირებს, უკრაინაში ჩასვლას.

„ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, ვისაც გული ეგლიჯება უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების ასეთ ტრაგედიაზე. ამიტომ, ვაპირებ, მივმართო საქართველოს ოპოზიციას, მათ შორის ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ უკრაინასა და საქართველოს ერთმანეთთან დაშორება ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი.

თუ საქართველოს ხელისუფლება არ მიდის უკრაინაში, მაშინ საქართველოში არსებობენ პოლიტიკოსები, ვინც უნდა ჩავიდნენ უკრაინაში, ბუჩაში შეხვდნენ ჩვენს მეგობრებს და ნახონ, რამდენად მძიმეა და ვინ არის რუსეთი, არამხოლოდ პუტინი, რუსეთი და ზოგადად, როგორია უკრაინელების ტრაგედია დღეს და თავისუფლებისთვის ბრძოლა. დიახ, მე ვაპირებ მეორედ წავიდე უკრაინაში და ასევე მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, ყველამ ერთად ვნახოთ, რას ჩადის რუსეთი და როგორი სამხედრო დანაშაულის ადგილი გახდა მთელი უკრაინა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.