საკუთარ დამოუკიდებლობაზე მეომარი ქვეყანა, კრიმინალური ქვეყანა, ფასეულობები არა, არაფერი არა – რატომ უნდა მიგვიღონ? – გუბაზ სანიკიძე

„ვარ დიდ მოლოდინში, ფარდა ახადოს და გაიხსნას ყველაფერი. ეს არის ქვეყანა, სადაც ფიქრობენ, რომ რუსეთთან ურთიერთობა არის მშვიდობა და უკრაინასთან და ევროპასთან ურთიერთობა არის ომი“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ქართველებს დასავლეთიდან გამოყრიან და ის კაცები, რომლებიც ცოლის ხარჯზე ცხოვრებენ, ცოლები სახლში დაუბრუნდებათ.

„ის კაცები, რომლებიც მიეჩვივნენ თავიანთ ცოლების ხარჯზე ცხოვრებას, ასეა ეს, არ უნდა ამას ბევრი ლაიალაი! მათი ცოლები ჩამოვლენ დასავლეთიდან. გამოყრიან, კრიზისი არის ყველაფრის, სხვა ლტოლვილებით გაჯერებულია დასავლეთი და ქართველების ადგილი იქ აღარ არის უკვე.

გვეკუთვნის ჩვენ ევროკავშირის წევრობა დღევანდელ მოცემულობაში? – არ გვეკუთვნის. კრიმინალური ქვეყანა, მეორე ადგილზე ვართ ალბანელების მერე ევროპაში, განათლების დონით ბოლო ადგილზე, ეკონომიკა არ არსებობს, უსაფრთხოების სისტემა გვაქვს ნული. რატომ უნდა მიგვიღონ? – პოლიტპატიმრები, პრეზიდენტების მკვლელი ქვეყანა, საკუთარ დამოუკიდებლობაზე მეომარი ქვეყანა, ფასეულობები არა, არაფერი არ აქვს ამ ქვეყანას.

ვარ დიდ მოლოდინში, ფარდა ახადოს და გაიხსნას ყველაფერი. ეს არის ქვეყანა, სადაც ფიქრობენ, რომ რუსეთთან ურთიერთობა არის მშვიდობა და უკრაინასთან და ევროპასთან ურთიერთობა არის ომი. ომი ვინ დაიწყო? ესეც საკამათოა ამ ქვეყანაში. ხომ აფრთხილებდა პუტინი ზელენსკის, რატომ არ დაიჯერა? ამნაირი ხალხი ბლომად არის ქვეყანაში“, – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.