,,2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩავიბარეთ მძიმე მემკვიდრეობა, ავტორიტარული რეჟიმი, სადაც დემოკრატიის არავითარი ნიშანწყალი არ არსებობდა” – პრემიერი

2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩავიბარეთ მძიმე მემკვიდრეობა – დამყარებული, დიქტატურა, ავტორიტარული რეჟიმი, სადაც ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესს ართმევდნენ, ოჯახებს ანადგურებდნენ, სადაც არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის არ არსებობდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მართლაც იმ მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც ჩვენ დაგვხვდა – რეალურად დამყარებული, დამკვიდრებული დიქტატურა, ავტორიტარული რეჟიმი, სადაც ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესს ართმევდნენ, ოჯახებს ანადგურებდნენ; ასეთი მემკვიდრეობის შემდეგ, სადაც დემოკრატიის არავითარი ნიშანწყალი არ არსებობდა, არავითარი მედიათავისუფლება არ არსებობდა ქვეყანაში, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არ არსებობდა და რეალურად მთელი სახელმწიფო მანქანა, სისტემა იყო გადაქცეული რეპრესიულ სისტემად, ჩაგვრისა და მოქალაქეების განადგურების სისტემად – აი, ეს მემკვიდრეობა ჩავიბარეთ ჩვენ 2012 პირველ ოქტომბერს. მინდა, ყველას შევახსენო, რომ სასამართლო მაშინ იყო ჩვეულებრივი ნოტარიუსის ოფისი, რასაც დაავალებდა პროკურორი, იმ გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე. აი, ეს მემკვიდრეობა დაგვიტოვეთ თქვენ, ძვირფასო ბატონებო. რაც შეეხება მედიათავისუფლებას, ქვეყანაში არც ერთი რეალური, ძლიერი ოპოზიციური არხი არ არსებობდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ირაკლი ღარიბაშვილს სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს.