,,კანდიდატის თემა იყო ერთგვარი „სათაგური“, რომელშიც ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს, ამაში თავდაპირველად სალომე ზურაბიშვილი ჩართეს” – სუბარის, ხუნდაძისა და ყაველაშვილის განცხადება

კანდიდატის თემა იყო ერთგვარი „სათაგური“, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს. ამ საქმეში თავდაპირველად სალომე ზურაბიშვილი ჩართეს, რომელიც ბრიუსელიდან ამ თემით დასაჩუქრებული გამოუშვეს, – ამის შესახებ აღნიშნულია პარლამენტის სამი წევრის, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის ერთობლივ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გასული დღეების მანძილზე, პარტიის ლიდერებთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ჰქონდათ სერიოზული დისკუსია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

„მოვლენების შესახებ ჩვენი და გუნდის სხვა ლიდერებისა და წევრების შეფასებები სრულად ემთხვევა ერთმანეთს. თუმცა, ვერ ვთანხმდებით მხოლოდ ერთზე – რა დოზით უნდა ვუთხრათ სიმართლე საზოგადოებას. რა თქმა უნდა, დიდწილად გვესმის კოლეგების, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიტიკური პროცესების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისას თავშეკავებაა საჭირო. თუმცა, დღეს დადგა მომენტი, როდესაც საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ბევრად მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, რა ხდება ქართული პოლიტიკის კულისებში. აქ სასწორზე დგას არა ხელისუფლების ან რომელიმე კონკრეტული ჩვენგანის, არამედ სახელმწიფოს და ხალხის ბედი. შესაბამისად, დროა, საკუთარი თავის და ქვეყნის დაცვა უშუალოდ ხალხს უფრო მეტად მივანდოთ.

არიან დიდი ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ რევოლუცია, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების შეცვლა და მისი ჩანაცვლება ადამიანებით, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელი 2004-2012 წლებში ჩადენილ უამრავ დანაშაულზე.

ამისთვის შედგა „ნაციონალური მოძრაობისა“, მისი მედია და ენჯეოსატელიტების შეკრება ბაკურიანში, სადაც ამერიკიდან საგანგებოდ ჩამოიყვანეს რევოლუციების ცნობილი სპეციალისტი, პიტერ აკერმანი.

ამისთვის შემოიტანეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის თემაც. ცხადია, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა დღეს სრულიად არარელევანტურია. რუსული სამხედრო აგრესიის გამო, ქვეყანა ცეცხლის ალშია გახვეული, ქვეყანა ნადგურდება, ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი იღუპება და ასეთ დროს, კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყნისთვის, ბუნებრივია, მცირე ნუგეშადაც კი არ გამოდგება. იგივე ეხება მოლდოვას, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება კონფლიქტის ზონას, ასეულობით ათას უკრაინელ ლტოლვილს იფარებს და უმძიმეს ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის. ერთადერთი, რისთვისაც კანდიდატის თემა დასჭირდათ, საქართველოს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ფონის დამძიმება და რევოლუციური მუხტის ხელოვნურად შექმნა იყო.

კანდიდატის თემა იყო ერთგვარი „სათაგური“, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს. ამ საქმეში თავდაპირველად სალომე ზურაბიშვილი ჩართეს, რომელიც ბრიუსელიდან ამ თემით დასაჩუქრებული გამოუშვეს. პირველადი გათვლით, საქართველოს მიერ განაცხადის შეტანის შესახებ განცხადება პარლამენტში სწორედ ზურაბიშვილს უნდა გაეკეთებინა. ამის გამო, მან კონსტიტუციის დარღვევით პარლამენტის სხდომის დაანონსებაც კი იკადრა. თუმცა, გუნდმა სწორად იმოქმედა და ეს სცენარი ჩაშალა. ამის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები აამუშავეს და განაცხადის შესახებ კამპანია მათ ააწევინეს, რის შემდეგაც ხელისუფლებამ განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილება აბსოლუტურად რაციონალურად მიიღო.

ბაკურიანის შეკრების მონაწილეებმა წინასწარ იცოდნენ და საქმეში ჩახედული კაცისთვისაც არ უნდა ყოფილიყო რთული გამოსაცნობი, რომ კანდიდატის სტატუსს მისცემდნენ უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს კი სტატუსის გარეშე დატოვებდნენ და ეს მოლოდინი სრულად გამართლდა.

ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ, მოვლენებიც ზუსტად ისე წარიმართა, როგორც ამას წინასწარ პროგნოზირებდნენ გუნდის წევრები. ბაკურიანის შეკრების მონაწილეები მყისიერად გამოვიდნენ და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.