აზარაშვილის თქმით, თუ რესპუბლიკურის მედპერსონალს სხვა კლინიკებში ვერ დაასაქმებენ, მათ ხელფასს მაინც გადაუხდიან

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს დანგრევის შემთხვევაში, სამინისტრო დასაქმებულებზე პასუხისმგებლობას აიღებს.

„საზოგადოებრივ მაუწყებელთან” საუბრისას აზარაშვილმა განაცხადა, რომ თუ მედპერსონალს სხვა კლინიკებში ვერ დაასაქმებენ, მათ ხელფასს მაინც გადაუხდიან.

აზარაშვილის თქმითვე, საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ზაზა ავალიანის გათავისუფლება და მენეჯმენტის ცვილილება არ იგეგმება.

„ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ამ პერიოდის განმავლობაში მათ დასაქმებაზე და იმ ღირსეული და მინიმუმ დღევანდელი ანაზღაურების გადახდაზე, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ამ თანამშრომლის დასაქმება ვერ მოხერხდება, გავაგრძელებთ ამ ანაზღაურების მათთვის გადახდას.

ამ ადამიანს, [ზაზა ავალიანი] ეს არის ჩვენი ტუბერკულოზის ცენტრის დირექტორი, ვთხოვე რამდენიმე თვის წინ შეეთავსებინა და მივლინებული გვყავს დროებით მოვალეობის შემსრულებლად. არც დანიშნული მყავს და რანაირად შეიძლება გავათავისუფლო, როცა დანიშნულიც არ გვყავს” – განაცხადა აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სამინისტრო მომავალ კვირაში წარადგენს დასკვნას, რის საფუძველზეც მოხდება გადაწყვეტილების მიღება, რესპუბლიკური საავადმყოფოსთან დაკავშირებით.