დააკვირდით, რამდენად არადამაჯერებელი, არაჰუმანური და ამორალურია რაჭის ტრაგედიაზე თანამდებობის პირების განცხადებები – თინა ბოკუჩავა

დააკვირდით, რამდენად არათანმიმდევრული, არადამაჯერებელი, არაჰუმანური და ამორალურია რაჭის ტრაგედიასთან დაკავშირებით უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები – სწორედ ამიტომ ყველა ეს თანამდებობის პირი საგამოძიებო კომისიის წინაშე უნდა წარსდგეს და განმარტოს, ვერტმფრენი ორი საათი ღრუბლებში დაფრინავდა როგორც ამას ვახტანგ გომელაური აცხადებს, ვერტმფრენს ორი საათი ვერ ქოქავდნენ, როგორც ეს შალვა პაპუაშვილმა თქვა თუ არ ჰქონდათ ნაყიდი, როგორც ამაზე ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს, – ამის შესახებ დღეს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, შოვის სტიქიის ასეთ ტრაგიკულ შედეგებზე სიმართლის გამოვლენა საზოგადოების მაღალ ინტერესშია.

ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებების თანმიმდევრულად მოსმენის შემდეგ მარტივია დასკვნა, საჭიროა თუ არა შოვის ტრაგედიაზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.

„რუსული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან უამრავ, ძალიან მძიმე საქმეზე ვისმენთ ფრაზას: – „დაველოდოთ გამოძიებას”. ჩვენ ეს მოვისმინეთ თვეების ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმით დაწყებული, შემდგომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან თუ ვაკის პარკში დატრიალებულ უბედურებასთან დაკავშირებით – ასეთია არაერთი ისეთი საქმე, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა და რომელთა წესიერად გამოძიების პირობებში მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების სულ მცირე თანამდებობრივი გულგრილობა და რიგ შემთხვევაში პირდაპირ დანაშაულებრივი ქმედება დადგინდებოდა. ამიტომ ყავლგასული ფრაზა – “დაველოდოთ გამოძიებას” საზოგადოების მხრიდან ნულოვან ნდობას იმსახურებს.

სწორედ ამიტომ საგამოძიებო უწყებების მიმართ ნულოვანი ნდობის პირობებში კონსტიტუციური უფლებამოსილება პარლამენტმა უნდა განახორციელოს. საგამოძიებო კომისია ბევრ რამეს ახდის ფარდას და ბევრ სიმართლეს გამოავლენს. დაზარალებულთათვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიმართლე და არა თავის მართლება, მუდმივი გადაბრალება და ახლა უკვე თითის გაშვერა დაზარალებულებისკენაც, რასაც უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ვხედავთ”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.