ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ირმა ინაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა

არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები იმ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის პლენარული სხდომის კენჭისყრაზე დაყენებას ითხოვენ, რომელიც მე-8 მოწვევის პარლამენტში არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით კომიტეტის სხდომებზე იქნა განხილული.

კონსტიტუციური კანონის პროექტი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის საინიციატივო ჯგუფის და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ირმა ინაშვილთან გამართულ შეხვედრაზე.

როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი არ აპირებენ საკითხის უკან გაწვევას.

ირმა ინაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი ითხოვს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას.

„ხელისუფლება ცდილობს ეს თემა გადაიტანოს საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში, რაც არის კანონდარღვევა. როცა საკითხი მისულია კენჭისყრამდე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მას კენჭი უნდა ეყაროს. ჩვენც, პატრიოტთა ალიანსი მხარს ვუჭერთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა. მისივე განცხადებით საკითხს პარლამენტის ბიუროს და პლენარულ სხდომებზე გაიტანენ. „ჩვენ დღეს შევთანხმდით, რომ აღნიშნულ საკითხს გავიტანთ ბიუროს სხდომაზე, პლენარულ სხდომაზე და ვიმოქმედებთ იმისათვის, რომ გადაწყდეს ამ პარტიების სასარგებლოდ კი არა, არამედ, ზოგადად, პოლიტიკური სპექტრის და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის სასარგებლოდ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კომენტარის დატოვება