ქართული მიწის საკითხის განხილვას სამუშაო ჯგუფში პატრიოტთა ალიანსის წევრები არ დასწრებიან

ქართული მიწის გასხვისების თაობაზე საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილებაა. როგორც უკვე ცნობილია, კონსტიტუციის 21-ე მუხლში ცვლილებას სხვადასხვა ჯგუფი ითხოვს, მაგრამ ცალ-ცალკე. რამდენიმე დღის წინ  საკონსტიტუციო კომისიამ განიხილა “დემოკრატიული მოძრაობის სახელით” წარდგენილი ზვიად ტომარაძის და დიმიტრი ლორთქიფანიძის ერთობლივად შემუშავებული კანონპროექტი: კონსტიტუციაში ჩაიწეროს რომ მიწის შეძენის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ!

შემდეგ კი პატრიოტთა ალიანსი გამოვიდა კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების მოთხოვნით. კერძოდ, მათი მოთხოვნაა კონსტიტუციის 21 მუხლს, დაემატოს პირველი პუნქტის პრიმა ნაწილი და აიკრძალოს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის გადაცემა საკუთრებაში უცხოეთის მოქალაქეებზე და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე.

საკომიტეტო სხდომის ჩატარების შემდეგ საზოგადოებაში გამოვიდა ხმა, რომ პატრიოტთა ალიანსმა ტომარაძე-ლორთქიფანიძის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, რამაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

რა მოხდა სინამდვილეში და რატომ იყოფა ერთ საკითხზე მომუშავე ჯგუფების აზრი?

ჩვენ დიმიტრი ლორთქიფანიძეს დავუკავშირდით.

-ამბობენ, რომ  თქვენს მიერ წარდგენილ კანონპროექტს ქართული მიწის თაობაზე  პატრიოტთა ალიანსმა მხარი არ დაუჭირა, რა იყო მიზეზი?

-არა, სულ მასეც არ არის. ჩვენი კონსტიტუციური კანონის პროექტი მიწაზე საკუთრების რეგულირების თემაზე და განმარტებითი ბარათი მასზე, კომისიას გადაეგზავნა 2017 წლის 17 იანვრამდე, რასაც ჩვენგან, ყველასგან ითხოვდა სამდივნო, რომ კომისიის წევრებს მათ მიერ რწმუნებული ორგანიზაციებიდან სწორედ ამ ვადაში უნდა წარედგინათ შენიშვნები, მოსაზრებები და პროექტები გათვალისწინებული კონსტიტუციის შესაბამისი თავებით.

უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენს გარდა საკუთრების უფლების განმსაზღვრელ 21 – ე მუხლში 17 იანვრამდე არავის ჰქონია წარმოდგენილი არამც თუ კონსტიტუციური კანონის პროექტი, არამედ შენიშვნა ან ერთი წინადადება მაინც. ჩვენს მიერ საკონსტიტუციო კომისიის სამდივნოსთვის გადაგზავნილი დოკუმენტური მასალა დაეგზავნა უკლებლივ ყველა კომისიის წევრს და შესაბამისად ყველას შეეძლო მას გაცნობოდა და საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა.

მინდა მადლობა გადავუხადო პატრიოტთა ალიანსს, რომლმაც მოგვიანებით საზოგადოებას წარმოუდგინა საკუთარი ვერსია 21- მუხლთან დაკავშირებით, თუმცა საკითხის განხილვას, რაც საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში წარმოებდა სამუშაო ჯგუფში, პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი კომისიის წევრები არ დასწრებიან და შესაბამისად მათი პოზიციაც ჩვენს ინიციატივაზე არ დაფიქსირებულა სამუშაო ფორმატის ფარგლებში.

კომენტარის დატოვება