მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლას ელოდება

დღეს, დიდ შაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო დილით გარდამოხსნის შემოტარების წესი სრულდება. გარდამოხსნის შემოტარების შემდეგ ლიტურგია გაიმართება და მორწმუნეებს წმინდა ზიარების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

დღესვე, მართლმადიდებელი სამყარო იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება. იერუსალიმის პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევა და საფლავი დაიხურება.

წმინდა ცეცხლს საქართველოდან იერუსალიმში ჩასული მომლოცველები დღეს, დღის ბოლოსთვის, ჩამოაბრძანებენ. იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს სახლში წაღების საშუალება ექნებათ.