“რომ არა ეს ორი ქართველი, აღლუმს პუტინი კი არა, მერკელი ჩაატარებდა ბერლინში…”

არჩილ ჭყოიძე

“ერეკლე მეორეს საზოგადოება”

-“9 მაისთან დაკავშირებით დიდი აურზაურია ატეხილი. კიდევ ერთხელ ჩვენი საზოგადოება ზომიერების გრძნობის გარეშე და აჟიტირებით იხილავს საკითხს, რომელსაც ცივი გონებით და ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით განსჯა ესაჭიროება და არა მოტოციკლების გრუხუნში ერთმანეთის ხმის გადაფარვით ბღავილი.

ერთი პრორუსული ფრთა გამოდის და პუტინისებურად აპირებს ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნას, ხოლო პროდასავლური ფრთა საერთოდ ლაფში თხვრის 350 ათასი ადამიანის გმირულ თავგანწირვას, რითაც პირდაპირ ასხამს წყალს პუტინის და კრემლის წისქვილზე და განამტკიცებს მითს იმის შესახებ, რომ ფაშიზმი მხოლოდ რუსმა ხალხმა დაამარცხა, თუმცა მათი წვლილის დაკნინებას არავინ აპირებს.
ფაშიზმზე გამარჯვებას თითქმის მთელი მსოფლიო პომპეზურად აღნიშნავს, ის ქვეყნებიც კი, რომლებსაც სულ მცირეოდენი წვლილი აქვთ შეტანილი ფაშიზმთან ბრძოლაში. ამ დროს საქართველოში, რომელმაც 300 ათასზე მეტი ადამიანი დაკარგა მეორე მსოფლიო ომში, არ გვინდა ვისაუბროთ ამ ომზე, ვივიწყებთ შინმოუსვლელებს და იმ სიმტკიცეს, რომელიც ჩვენმა ხალხმა გამოიჩინა იმ მძიმე წლებში.
რაც შეეხება პუტინს და კრემლს, ჩვენს ხელისუფლებას რომ ჭკუა ჰქონდეს, პომპეზურად უნდა აღნიშნოს 9 მაისი, როგორც ფაშიზმთან გამარჯვების დღე და მსოფლიოსაც და მათ შორის რუსებსაც კარგად უნდა გაახსენონ, რომ იმ ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვება დიდწილად განაპირობა ერთის მხრივ, იოსებ სტალინისადმი ხალხის რწმენამ, უშუალოდ მისმა სიმტკიცემ და მოკავშირეებს შორის პოლიტიკურმა ავტორიტეტმა, ხოლო მეორე მხრივ – ქართველი მარშალის, ლავრენტი ბერიას ძლიერი აგენტურის ქსელმა. რომ არა იმ პერიოდის ეს ორი ქართველი პოლიტიკოსი, საბჭოთა კავშირი, რომელიც დღეს რუსეთთან არის გაიგივებული, სამამულო ომს ვერ მოიგებდა და გამარჯვების აღლუმებსაც პუტინი კი არ ჩაატარებდა მოსკოვში, არამედ მერკელი – ბერლინში.
PS. სანამ ჩვენი ერის, ჩვენი ჯიშის და ჯილაგის დაფასებას და პატივისცემას არ ვისწავლით, მანამდე გამორიცხულია რაიმე წარმატებას მიაღწიოს ჩვენმა ქვეყანამ!