გარემოვაჭრეები 6 თვე მოსაკრებელს არ გადაიხდიან

თბილისის მერიასთან ნავთლუღის ბაზრობების გარემოვაჭრეების გამართულ აქციას თბილისის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა.

ნარმანიას განცხადებით, ბაზრობების ადმინისტრაციებთან აქტიური მოლაპარაკებები ჰქონდა მერიას, შედეგად კი გადაწყდა, რომ გარემოვაჭრეები, რომლებიც ბაზრობების ტერიტორიაზე შევლენ პირველი 6 თვის განმავლობაში მოსაკრებლისგან გათავისუფლდებიან.

“6 თვის მანძილზე ბაზრობების ადმინისტრაციებთან მოლაპარაკების საფუძველზე ისედაც გათავისუფლებული იქნებიან მოსაკრებლისგან. ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ ადმინისტრაციებთან. ზოგადად, ქალაქის მოსახლეობა ითხოვს ჩვენგან საჯარო დგომის სივრცეების გათავისუფლებას. დავიცვათ კანონები და წესები. მეორეს მხრივ, შევდივართ ამ ადამიანების მდგომარეობაში და ამიტომ ეს თანამშრომლები გათავისუფლებულები იქნებიან ბაზრობის მოსაკრებლისგან” – განაცხადა მერმა.