ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის უკვე 202 საჯარიმო ოქმი შედგა

გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმები 3 აპრილიდან ამოქმედდა. პირველი ორი კვირის განმავლობაში ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები ქუჩაში საინფორმაციო კამპანიას ეწეოდნენ, მოქალაქეებს აფრთხილებდნენ და ინფორმაციას აწვდიდნენ საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით.

„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის ჯარიმების ამოქმედებიდან უკვე 202 საჯარიმო ოქმი შეადგინეს. ამის შესახებ „თბილისერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილემ დავით დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარემოს დაბინძურების გამო ინსპექტორების მიერ გამოწერილმა საჯარიმო თანხამ 21 580 ლარის შეადგინა. დაჯარიმებულთაგან 197 ფიზიკური და  5 იურიდიული პირია.დაჯარიმებული ფიზიკური პირებიდან 61 უცხოელია. იურიდიული პირების მიერ გადახდილმა თანხამ ჯამში 4000-ზე ლარზე მეტი, ხოლო ფიზიკური პირების მიერ გადახდილმა – 17 500 ლარი შეადგინა.