სიახლე! მეტროს ვაგონებში უკვე შეგიძლიათ მობილური მოწყობილობები დატენოთ…

თბილისის მეტროს მგზავრებს ოთხი განახლებული ვაგონი მოემსახურება

დღეიდან თბილისის მეტროს მგზავრებს 4 განახლებული ვაგონი მოემსახურება. მეტროს მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციის და კაპიტალური რემონტის ფარგლებში, 2017 წელს პირველ ეტაპზე ხელშეკრულება  8 ვაგონის განახლებაზე გაფორმდა.

ახალ გარემონტებულ ვაგონებში მგზავრებს სიახლე ელით, კერძოდ, ვაგონებში დამონტაჟდა სპეციალური USB როზეტი,  რომლის მეშვეობითაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ დატენონ მობილური ტელეფონები, სმარტფონები, პლანშეტები და სხვა მობილური მოწყობილობები მგზავრობის დროს.

მოძრავ შემადგენლობაში შეიცვალა სიჩქარის ავტომატური რეგულირების ბლოკის მთლიანი სისტემა.  ძველი კომპრესორები ჩანაცვლდა ახალი, ხრახნული კომპრესორებით, ასევე, შეიცვალა მოძრავი შემადგენლობის გოგორწყვილი. ნაწილობრივ განახლდა მემანქანის კაბინისა და მოძრავი შემადგენლობის ინტერიერი. ვაგონების კაპიტალურ რემონტს და განახლებას ახორციელებს სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, სულ, იგეგმება  მეტროს 16 ვაგონის კაპიტალური რემონტი და 2 ვაგონის სრული მოდერნიზაცია.