ვიქტორ დოლიძე ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის ჩასვლას მაიკ პენსის ვიზიტს უკავშირებს

ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ვიქტორ დილიძე, პუტინის გადაწყვეტილებას – 8 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდეს, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს უკავშირებს.

როგორც დოლიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, თავად რუსი პოლიტიკოსები საუბრობენ, რომ პუტინის გადაწყვეტილება არის აშშ–საქართველოს სტრატეგიულ  პარტნიორობაზე პასუხი.

,,თავად რუსი პოლიტიკოსები საუბრობენ, რომ პუტინის გადაწყვეტილება არის აშშ–საქართველოს სტრატეგიულ  პარტნიორობაზე პასუხი, თუმცა ვფიქრობ, პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ და ვიმოქმედოთ მაქსიმალურად გონივრულად. ჩვენთვის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ მშვიდობის ფარგლებში მოხდეს. ჩვენ მხოლოდ მიწები არ გვაქვს დასაბრუნებელი, ჩვენი თანამოქალაქეები გვყავს დასაბრუნებელი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით ამ პრობლემების მოგვარებას შევძლებთ”,- აღნიშნა დოლიძემ.