სხვა პლანეტები შესაძლოა არასოდეს გახდეს დედამიწასავით სტუმართმოყვარე

მეცნიერები, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმებს ეძებენ დედამიწის მიღმა, სხვა პლანეტებზე — აცხადებენ, რომ ჩვენი პლანეტა უჩვეულოა თავისი უნარით, შეინარჩუნოს სიცოცხლის მთავარი ინგრედიენტი — თხევადი წყალი. 

აქამდე მიიჩნეოდა, რომ მზის მსგავს ვარსკვლავთა გარშემო მოძრავ შორეულ პლანეტებს ოდესმე აუცილებლად უნდა გაევლოთ წყლით მდიდარი ფაზა.

ეს მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც ახალგაზრდა, მკრთალი ვარსკვლავი, რომელსაც ყინულოვანი, დაახლოებით ახალგაზრდა დედამიწის მსგავსი უსიცოცხლო პლანეტა ჰყავს — გათბება, მზის მსგავსი გახდება და გაათბობს იმ პლანეტის ყინულებს, რომელიც მის გარშემო გარკვეულ მანძილზე, ე. წ. სასიცოცხლო ზონაში მოძრაობს.

ამ მიდგომით, მზის სისტემის ყინულოვანი სფეროები, მათ შორის იუპიტრის მთვარე ევროპა და სატურნის მთვარე ენცელადი ან სხვა ვარსკვლავურ სისტემათა ეგზოპლანეტები ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა სიცოცხლისათვის ვარგისნი გახდნენ.

თუმცა, როგორც ჟურნალ Nature Geoscience-ში მკვლევართა ჯგუფი წერს, ეს სცენარი იმაზე ნაკლებ წარმოსადგენია, ვიდრე ვიფიქრებდით.

პეკინის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ჯან იანგის ხელმძღვანელობით, ყინულოვან პლანეტათა ევოლუციის სიმულირებისთვის კლიმატის მოდელები გამოიყენეს.

დადგინდა, რომ დედამიწის ერთ-ერთი მახასიათებლის — ატმოსფერული სათბურის გაზების გარეშე, იმდენად მაღალი იყო ყინულოვან პლანეტათა გადნობისათვის საჭირო ენერგია, რომ ყინულოვან სხეულს ის პირდაპირ ჯოჯოხეთად გადააქცევდა გარდამავალი, სიცოცხლისათვის შესაფერისი ფაზის გამოტოვებით.

„აღმოვაჩინეთ, რომ პლანეტათა თავდაპირველი, ყინულოვანი მდგომარეობის დაძლევისათვის საჭირო ვარსკვლავური ნაკადები იმდენად ვრცელია, რომ განაპირობებს წყლის მნიშვნელოვან დანაკარგებსა და პლანეტის სასიცოცხლო ეტაპის თავიდან აცილებას“, — წერს ჯგუფი.

მათი ვარაუდით, ზოგიერთმა ყინულოვანმა სხეულმა შესაძლოა არც არასოდეს გაიაროს სასიცოცხლო, დედამიწის მსგავსი ფაზა.

რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ, როდესაც მზე სუპერცხელი წითელი გიგანტის ფაზას მიაღწევს, დიდი ალბათობით, ყინულოვანი სხეულების ფაზიდან პირდაპირ ცეცხლოვან ბურთებად გადაიქცევა ევროპა და ენცელადიც.

ყინულოვანი სამყაროს მაგალითი იყო დედამიწაც, თუმცა დაახლოებით 600-800 მილიონი წლის წინ, ჩვენი პლანეტა  ვულკანური ემოფრქვევების შედეგად გამოყოფილი ატმოსფერული სათბურის გაზების წყალობით გადნა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყინულის გადასდნობად საჭირო იყო მზის გაცილებით ნაკლები სიცხე, რამაც ჩვენს პლანეტას საშუალო ტემპერატურის მიღწევის შესაძლებლობა მისცა.

სათბურის გაზები, რაც ბუნებრივადაა წარმოდგენილი ატმოსფეროში, მაგრამ ასევე გამოიყოფა ადამიანთა მიერ ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის წვის შედეგად — ჩვენს პლანეტას საკმარისად თბილს ინარჩუნებს ადამიანების, ცხოველებისა და მეცნარეების საცხოვრებლად.

მაგრამ სამრეწველო რევოლუციის მიერ კაცობრიობის მიერ გამოყოფილი დამატებითი CO2 ატმოსფეროს მზის კიდევ უფრო მეტი სიცხის შენარჩუნების საშუალებას აძლევს, რაც იმდენად საგანგაშოა, რომ მეცნიერთა განცხადებით, დედამიწის ბრწინვალედ დაბალანსებული კლიმატის აღდგენა ერთხელაც შეუძლებელი გახდება.

მომზადებულია Phys.org-ის მიხედვით