არაჯანსაღი პროდუქტები სკოლის ბუფეტში – აკრძალვები

სააგენტო ipn-ის ინფორმაციით ახალი სასწავლო წლიდან სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა იკრძალება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრ, ალექსანდრე ჯეჯელავას  ბრძანების თანახმად, სასკოლო კვების ორგანიზებისას აიკრძალება: საღეჭი რეზინის, კანფეტების, შოკოლადის, არომატიზებული წასახემსებლების (ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.) გაყიდვა, გარდა თხილეულის, ხილისა და ბოსტნეულის, რომელთაც მარილი, შაქარი ან ცხიმი აქვთ დამატებული. იკრძალება ასევე – მაიონეზით შეზავებული პროდუქციის, სოკოს, ასევე დაკონსერვებული პროდუქტების, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმის, მინერალური წყლის გარდა სხვა გაზიანი სასმელების, ასევე თერმულად დაუმუშავებელი კვერცხის გაყიდვა.

ამასთან, ბრძანებაში აღნიშნულია ის პროდუქტები, რომელთა გამოყენებაც სკოლის ბუფეტებში მიზანშეწონილი იქნება. ამ პროდუქტების ჩამონათვალი ასეთია: ხილი და ბოსტნეული; წყალი, ხილის წვენი, ხილის კომპოტი, კისელი, ფერმენტირებული რძის სასმელი (იოგურტი), ხილის წვენითა და დაბალცხიმიანი რძით ან იოგურტით დამზადებული სასმელები (სასურველია გამდიდრებული კალციუმით), ჩაი და კაკაო.

აღნიშნული ბრძანების პირობების შესრულების მონიტორინგს სკოლებში, დირექციასთან ერთად, განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველო განახორციელებს.

განათლების სამინისტროს ცნობით, იმ შემთხვევაში თუ ბიზნესოპერატორი წესს დაარღვევს, მასთან გაფორმებული ხელშეკრულება მომენტალურად გაუქმდება.