დაპირისპირების ესკალაციას ხელს უწყობს გადაწყვეტილებები, რომელსაც იღებს ხელისუფლება

თბილისის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებსა და საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარისთვის საკრებულოს დეპუტატს, მომავალ არჩევნებში სამგორის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატს, გულიკო ზუმბაძეს დავუკავშირდით.

-თბილისის საკრებულო ყოველთვის იყო და არის პოლიტიკური ვნებათაღელვის ერთ-ერთი ცენტრი.  ის განსაკუთრებით მწვავდება ადგილობრივი ან საპარლამენტო არჩევნების წინ, თუმცა, თავისთავად, დაპირისპირების ესკალაციას ხელს უწყობს ის გადაწყვეტილებები , რომელსაც იღებს მოქმედი ხელისუფლება.

ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს შემდეგ გარემოებასთან, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ერთერთი ყველაზე უფრო სადაო საკითხი, რომელიც ეხება “თბილისი პანორამა” პროექტს, მიაღებინოს (მოასწროს) ამ მოწვევის საკრებულოს უმრავლესობას.

და ეს გააკეთოს რადაც არ უნდა დაუჯდეს.

ეს არის გადაწყვეტილების მიღების ძალიან ხისტი პოლიტიკა.

სამწუხაროდ, საკრებულოს უმრავლესობა, ნაჩქარებად იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც შემდგომში აღმოჩნდება ძალიან საზიანო ჩვენი მოსახლეობისათვის. მაგალითისათვის, 2017 წლის 14 ივლისს, ჩემი, როგორც მაჟორიტარი წევრის თხოვნის მიუხედავად, უმრავლესობამ მიიღო წინუბნისა და დიდი ლილოს ტერიტორიაზე, 10 ჰექტარ მიწაზე ბეტონის ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით, დადებითი გადაწყვეტილება, რომელიც დიდ წინააღმდეგობაში მოდის მოსახლეობის ინტერესებთან და თბილისის ახალი გენგეგმის პროექტთან. ამ გადაწყვეტილების ბოლომდე მიყვანის შემთხვევაში, მოსახლეობას ესპობა პერსპექტიული განვითარების შესაძლებლობა. მაშინ, როდესაც ამ დასახლებებს ისედაც მძიმე პირობებში აყენებს მათ სიახლოვეს არსებული ქალაქის ნაგავსაყრელი, ეკოლოგიურად საფრთხის შემცველი საწარმოების დამატება ყოვლად დაუშვებელია!

ასეთი არასწორი გადაწყვეტილებები, სამწუხაროდ ძალიან ბევრი აღმოჩნდება…

რაც შეეხება “პანორამა თბილისს”, პროექტი თაბორის მთის ნაწილში თავიდანვე (2014 წ ) მომეწონა, თამამი და საინტერესო სიახლე არის დედაქალაქის ცხოვრებაში, თუმცა თავისუფლების მოედნისა და პუშკინის სკვერთან დაკავშირებით აბსოლიტურად ვიზიარებ საპროტესტო განწყობას. თავის დროზე, ჩემი აზრით, “თბილისი მერიოტიც” არ უნდა აშენებულიყო პირდაპირ მოედანზე.

ქალაქში ძველი ამორტიზირებული შენობების ნაცვლად, ახალი მრავალსართულიანი შენობები კი არ უნდა ავაშენოთ, არამედ შევქმნათ თავისუფალი, საზოგადოებრივი სივრცეები, რომლის დეფიციტს დღეს ასე განიცდიან როგორც ჩვენი მოქალაქეები, ისე დედაქალაქის სტუმრები.