მამა პეტრე: „ჰელოუინი“ მთელი მსოფლიოს სატანისტთა უმთავრესი დღესასწაულია

დავით დოლიძე

ყოველი წლის 31 ოქტომბერს ამერიკისა და ევროპის ახალგაზრდების დიდი ნაწილი ირლანდიელი მიგრანტების მიერ მეცხრამეტე საუკუნეში აშშ-ში დამკვიდრებულ დღესასწაულ, „ჰელოუინს“ აღნიშნავენ.
ახალგაზრდები „ჰელოუინის“ ფარგლებში, თამაშობენ, აწყობენ კოსტიუმირებულ წვეულებებს, სტუმრობენ „მოჩვენებებიან სახლებს“, ყვებიან საზარელ ისტორიებს და უყურებენ საშინელებათა ფილმებს.

პირველ ნოემბერს ამერიკასა და ევროპაში უცნაურად ჩაცმული ბავშვები ქუჩებში დადიან, სახლის კარებზე აკაკუნებენ და ყველას, ვინც ტკბილეულით არ გაუმასპინძლდება, რაიმე ცუდის გაკეთებით ემუქრებიან. „მომეცი, თორემ ინანებ!“ – აშინებენ ჯადოქრებივით მორთული პატარები ოჯახის პატრონებს.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილი დღესასწაულის ქართულ ტრადიციებსა და რელიგიასთან შეუთავსებლობაზე საუბრობს, „ჰელოუინი“ საქართველოში წელს უკვე მეთერთმეტედ ჩატარდება.

საინტერესოა, რატომ მოდის წინააღმდეგობაში ერთი შეხედვით უწყინარი დღესასწაული ჩვენს რელიგიასთან და უნდა იღებდეს თუ არა მორწმუნე ადამიანი „ჰელოუინში“ მონაწილეობას – ამ თემით GMTV.GE სვეტიცხოვლის მოძღვარს, მამა პეტრე კვარაცხელიას დაუკავშირდა:

-ყოველი წლის ოქომბრის ბოლოს, ამერიკისა და ევროპის ნაწილის მოსახლეობა „ჰელოუინის“ დღესასწაულს აღნიშნავს. ბოლო რამდენიმე წელია, ე.წ დღესასწაული საქართველოშიც აღინიშნება და ამას საკმაოდ უარყოფითი რეაქციები მოყვება. მამა პეტრე, რატომ არის მიუღებელი „ჰელოუინის“ დღესასწაული ჩვენი სარწმუნოებისათვის?

-პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ძველ აღთქმაში ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი 10 მცნებაა. „მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე“ – ამავდროულად, ახალ აღთქმაში უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვეუბნება, რომ არ შეიძლება ადამიანს ორ უფალთა მონება ჰქონდეს.

„ჰელოუინის“ დღესასწაულში, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ჩვენს ქვეყანაში იმართება, განსაკუთრებით ახალგაზრდები არიან ჩართული. ვფიქრობ, ამ რიტუალის მონაწილეები გაუაზრებლად არიან. მათ გარეგნული სანახაობა ხიბლავთ და მათგან დამოუკიდებლად მართმადიდებლობისთვის მიუღებელი კულტურის მონაწილეები ხდებიან.

არ შეიძლება ადამიანმა ეს დღე აღნიშნოს, რადგან „ჰელოუინი“მთელი მსოფლიოს სატანისტთა უმთავრესი დღესასწაულია.

-როგორ იქცევა ეკლესია იმისათვის, რომ საზოგადოება დღესასწაულის გაუაზრებელი მონაწილე არ გახდეს?

-თუ ჩვენ გვინდა, რომ ადამიანები გავაცნობიეროთ რას ემსახურებიან და რატომ არ უნდა ემსახურებოდნენ, საჭიროა მათ ამ ყველაფერზე ინფორმაცია მიიღონ. ეკლესიამ უნდა მიუთითოს ყველამ იცოდეს „ჰელოუინი“ არის მთელი მსოფლიოს სატანისტთა უმთავრესი დღესასწაული.

-გასულ წლებში დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც ერთერთი სასულიერო პირი მივიდა იმ ადგილას, სადაც ახალგაზრდები „ჰელოუინს“ აღნიშნავდნენ და ღონისძიების მონაწილეების მიმართ განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩ ეოდა. თქვენი აზრით, რამდენად სწორი საქციელია სასულიერო პირის მხრიდან?

-ეკლესია ყოველთვის უნდა ამბობდეს სიმართლეს, მაგრამ არ გვაქვს უფლება, რომ აგრესიითა და ძალადობით მოსახლეობას მივმართოთ და არაადექვატური ქცევებით დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიციები.

ნებისმიერ ადამიანს აქვს იმის უფლება ეთაყვანოს იმას, რაც მისთვის მნიშვნელოვანია. ეკლესიის მოვალეობა ადამიანისათვის სწორი მიმართულების მიცემაა. ძალადობით შეუძლებელია მართმადიდებლობა გავრცელდეს. იმ ადგილას თუ სასულიერო პირი მივიდა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, ეს საზღვრებში უნდა იყოს მოქცეული. პოზიციის დაფიქსირებასაც საკუთარი საზღვრები აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირებთან ერთად საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი „ჰელოუინის“ დღესასწაულს უარყოფითად უყურებს, ქართული კლუბების დიდი ნაწილი მოსახლეობას 31 ოქტომბერს, დღესასწაულის აღსანიშნავად აქტიურად ეპატიჟება.

როგორც ამ დროის მონაცემებითაა ცნობილი, ბათუმში მდებარე სასტუმრო „რედისონი“, კაფე „გალერი“ , „ნაით ოფისი“ და „მტკვარზე“ ღონისძიების აქტიურად დაგეგმვაში ჩართულები უკვე არიან და სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, სხვადასხვა ადგილას „ჰელოუინის“ აღნიშვნას, 16,473 ადამიანი გეგმავს.