ანკარაში ლგბტ თემის შესახებ ფილმები და გამოფენები აიკრძალა

საჯარო მოთხოვნიდან გამომდინარე, დღეიდან ანკარაში ლგბტ თემის შესახებ ფილმების ჩვენება და გამოფენები აიკრძალა. ამის შესახებ ანკარის გუბერნატორის ოფისმა პრესრელიზის სახით გაავრცელა ინფორმაცია, თემაზე Reuters-ი წერს.

“დღეიდან, საზოგადოებრივი მოთხოვნიდან გამომდინარე, ისეთი ღონისძიებები (კინო, თეატრი, ინტერვიუები, გამოფენები, და სხვ.), რომლებიც შეეხება ლგბტ თემს იკრძალება იქამდე, სანამ აკრძალვის გაუქმების შესახებ ახალი განცხადება არ გავრცელდა. ეს დაკავშირებულია უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად”, – წერია ანკარის გუბერნიის განცხადებაში.

როგორც Reuters-ი წერს, გასულ ოთხშაბათს ანკარის ხელისუფლებამ კინოფესტივალის ფარგლებში გერმანული ფილმის ჩვენება აკრძალა, რომელიც გეების ცხოვრებას შეეხება. აკრძალვის მოტივად კი საზოგადოების უსაფრთხოება და ტერორისტული რისკები დასახელდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში სტამბოლში არ ჩატარებულა არც გეი აღლუმი, რომელიც 2003 წლიდან იმართებოდა. სხვა მუსლიმი ქვეყნებისგან განსხვავებით, თურქეთში ჰომოსექსუალობა დასჯადი არ არის, მაგრამ ლგბტ პირების მიმართ მტრული დამოკიდებულებაა გავრცელებული.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის დედაქალაქს 6 ნოემბრიდან ახალი მერი მართავს.