„მინდა ვამხილო ბატონი მინისტრი ან უცოდინრობაში, ან სახელმწიფო დონეზე აყვანილ თაღლითობაში!“

ეკონომიკის ექსპერტი დავით ნებიერიძე ფინანსთა მინისტრს საჯაროდ მიმართავს და აცხადებს, რომ „მამუკა ბახტაძე არაკომპეტენტური ადამიანის იმიჯს იმკვიდრებს“.

-ეს ახალგაზრდა კაცი იშვიათი სისწრაფით იმკვიდრებს როგორც მინიმუმ არაკომპეტენტური ადამიანის იმიჯს. თუმცა, ჩემი პირადი აზრით, საქმე გვაქვს კორუფციული მადის ლოგიკურ ზრდასთან და ხალხზე ზრუნვის საფარქვეშ ამავე ხალხის უღმერთო ძარცვასთან.

ფინანსთა მინისტრმა ბახტაძემ სტარტაპების პროგრამის მთავარ არგუმენტად დაასახელა ის გარემოება, რომ საკრედიტო რესურსები გაუმართლებლად მაღალია საქართველოში და შეუძლებელი ხდება ბიზნესის ნოლიდან დაწყებაო. ამიტომ, თუ საბიუჯეტო ფულს მოვახმართ სტარტაპერების დაკრედიტებას, ბანკებს კონკურენტი გაუჩნდება, მათ საკრედიტო რესურსებზე მოთხოვნა შემცირდება და კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი ბუნებრივად დაიწევსო.

მინდა ვამხილო ბატონი მინისტრი ან სიბეცესა და უცოდინრობაში, ან სახელმწიფო დონეზე აყვანილ თაღლითობაში, უდიდესი კორუფციული სარგებლის მიღების მიზნით. თუმცა ორივე ვარიანტი ერთადაც შეიძლება არსებობდეს.

ბატონო მინისტრო, თუ ჭეშმარიტად გსურთ საკრედიტო რესურსების მნიშვნელოვანი გაიაფება, მაშინ პირველ რიგში უნდა გაანადგუროთ კომერციული ბანკების, ეროვნული ბანკისა და მთავრობის კრიმინალური ტრიუმვირატი – უნდა ჩაშალოთ მათ შორის მოქმედი თაღლითური ფინანსური სქემები, რაშიც უზარმაზარი კორუფციული შემადგენელია და სამივე მხარე ითბობს ხელებს, ხალხის ფულის გაწეწვით.

ეროვნულ ბანკს კანონით ეკრძალება მთავრობის დაფინანსება. სამაგიეროდ კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე ის გაუმართლებლად დიდი მოცულობით გასცემს რეფინანსირების სესხებს კომერციულ ბანკებზე, რათა ამ ბანკებისგან შიდა ვალების სახით მთავრობამ ისესხოს ფული და შემდეგ გაუმართლებელ და აბსოლუტურად კორუფციულ პროგრამებში გაათეთროს და მიმართოს კორუმპირებული ჩინოვნიკების ჯიბეებში.

აღკვეთეთ ხელისუფლებისთვის კომერციული ბანკებიდან გაუმართლებლად მაღალ პროცენტში შიდა ვალების აღება. ნუ გადაიქეცით ბიზნესის კონკურენტად საკრედიტო ბაზარზე და ბუნებრივად შემცირდება მოთხოვნა ამ კრედიტებზე. რაც ავტომატურად შეამცირებს საკრედიტო რესურსების ღირებულებას ბიზნესისთვის და მათშორის სტარტაპერებისთვის. ამ მავნე, კორუფციული პრაქტიკის შედეგად თქვენ გარდა კორუფციის სტიმულირებისა მთლიანად აკარგვინებთ ბანკებს ბიზნესის დაკრედიტების ინტერესს. რადგან მათ ურჩევნიათ აბსოლუტურად ურისკოდ და გაცილებით მომგებიანად, აბსოლუტური გარანტიებით ფული ასესხონ მთავრობას, ვიდრე სულამოხდილ ბიზნესს. თქვენ აპრიორი თავად უქმნით ბიზნესს იმ პრობლემებს, რის მოგვარებასაც ახლა პირდებით ამ კორუფციული პროგრამებით.

კიდევ უფრო აღმაშფოთებელია ის გარემოებაც, რომ კომერციული ბანკებისგან უძვირესი შიდა ვალების აღების პარალელურად სახაზინო ნაშთებს ანთავსებთ ამავე ბანკებში, ასევე კორუფციული ინტერესების გათვალისწინებით. ანუ ხესხულობთ უფრო ძვირად ვიდრე იმავე ბანკებში ახდენთ სახაზინო ნაშთების დეპონირებას. ანუ, პირდაპირ ზარალს აყენებთ სახელმწიფოს პირადი კორუფციული გამორჩენის მიზნით. ამ დონის კორუფცია უკვე აუტანელია და წარმოადგენს მოქალაქეთა გაღატაკების უმთავრეს წყაროს.