ნარკოტიკული საშუალებით გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი კულტურის სამინისტროს თანამშრომელია

თბილისში დღეს გარდაცვლილი ორი ადამიანიდან, რომელთა დაღუპვის ვერსიად პოლიცია ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციას ასახელებს, ერთ-ერთი კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომელი, 39 წლის ლევან კალანდაძეა. ის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ოჯახს უკვე მიუსამძიმრა.
მეორე გარდაცვლილი 38 წლის კახა კიკნაძეა. ცხედრები ცოტა ხნის წინ ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

დღეს მოძრაობამ „თეთრი ხმაური“ ორი ახალგზარდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. „შავ ბაზარზე შემოყრილია ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს იწირავს. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოთ, რომ ეს ყოველივე ხდება მიზანმიმართულად“, – წერია განცხადებაში.