პარლამენტში მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

თამარ მეფის სახელობის დარბაზში, მოწვეულმა სტუმრებმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, მუჰაჯირობის ამსახველი ისტორიული ფოტო გამოფენა დაათვალიერეს.

როგორც მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ აღნიშნა, დღეს, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ღონისძიება, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული სახელმწიფოსა და საკანონმდებლო ორგანოს დამოკიდებულებას კავკასიის საკითხებისადმი, რომელიც რეგიონალური პოლიტიკის უაღრესად მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.

მუჰაჯირობა ერთერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა აფხაზი და კავკასიის სხვა ხალხების ისტორიაში. ეს არის არა უბრალო ეპიზოდი, არამედ უმძიმესი ეროვნული ტრაგედია, რამაც აფხაზი ხალხი ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

მისი განმარტებით, კავკასია ყველა დროში წარმოადგენდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ რეგიონს და ამიტომაც იყო, რომ საუკუნეების განმავლობაში ეს რეგიონი მოქიშპე სახელმწიფოებს შორის განუწყვეტელი ომების ასპარეზს წარმოადგენდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ მუჰაჯირობის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და მე-19 საუკუნეში აფხაზთა გადასახლების პროცესები მიმოიხილა.

მუჰაჯირობა და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია თაობიდან თაობას გადაეცემა. აუცილებელია მუჰაჯირობის გახსენება, წარსულის გაკვეთილების გათვალისწინება, ამ ისტორიული მოვლენის სათანადოდ გაანალიზება და დღევანდელ კონფლიქტებზე მათი გავლენის შეფასება, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი საფრთხეები მომავალში. ჩვენ დღეს უნდა ვიზრუნოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა თაობამ და საერთაშორისო საზოგადოებამაც იცოდეს საქართველოსა და კავკასიის ისტორიაში ცარიზმის კოლონიზატორული პოლიტიკის გამო მიღებული დაღის შესახებ“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.

არ არის შემთხვევითი, რომ აფხაზეთობის აღნიშვნა, რომელიც საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის ინიციატივით დაფუძნდა, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, სწორედ, რომ მე-19 საუკუნის ერთერთი უდიდესი ტრაგედიის გახსენებით იწყება, რომელსაც წინ აღუდგა და გმობდა, არა მარტო აფხაზეთის, არამედ, საქართველოს პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოება. აქ წარმოდგენილი ფოტოგამოფენა ერთი მხრივ, ისტორიულ ქრონიკას, ხოლო, მეორე მხრივ, 150 წლის შემდეგაც კი, აფხაზეთისა და ქართველების გენეტიკაში დაბუდებული ტკივილის ამოძახილს წარმოადგენს. მივმართავ ჩვენს აფხაზ თანამოძმეებს, რომ ჩვენ ერთი ბედის და ერთი სატკივარის მატარებელნი ვართ, მაგრამ ჩვენი ძალა ჩვენს შეგნებაშია. უნდა გავითავისოთ, რომ ურთიერთსიძულვილი და დაქსაქსულობა, დღეს, ლამის ნებაყოფლობითი მუჰაჯირობის ტოლფასია, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ჩვენს აფხაზ დაძმებს და ზოგადად, მთელ მსოფლიოს კიდევ ერთი მკაფიო მესიჯი გავუგზავნოთ, თუ რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია და რუსული იმპერიალიზმი, ის განზრახვები, რაც იყო 140 წლის წინ და რაც ასე აქტიურად გრძელდება დღესაც, რისი შედეგიც იყო მუჰაჯირობა და დღესაც არის მსგავსი გამოვლინებები, რომელსაც წინ უნდა აღუდგეს ცივილიზებული სამყარო“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაძემ.

მისი განცხადებით, ეს არის საერთო ისტორია და არა ერთი კონკრეტული ერის ტრაგედია.

ეს არის მთელი ჩვენი ქვეყნის ტრაგედია, რომელიც იმ ერთიან სახელმწიფოში მოიაზრება, რასაც საქართველო ჰქვია“, – განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, სახელმწიფო დღესაც ინტენსიურ ნაბიჯებს დგამს სამშვიდობო პოლიტიკისთვის და იმისთვის, რომ აფხაზური ენა, კულტურა, ადათ-წესები და ჩვეულება იყოს შენარჩუნებული.

მთავრობის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო ინიციატივანაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ, ერთერთი მთავარი გარანტორი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არა მარტო სოციალური ფონის გაზრდისა, არამედ, მათი წესჩვეულებების, ადათის და კულტურის შენარჩუნებისთვის“,– განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.

დღესვე, პარლამენტის კინოდარბაზში აფხაზი მუჰაჯირები აჭარაში დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელიც აჭარაში მცხოვრებ მუჰაჯირთა შთამომავლებს მიეძღვნა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს, შერეულ ოჯახებსა და იმ კეთილმეგობრულ ატმოსფეროს ასახავდა, რომლითაც გამსჭვალულია ქართულ-აფხაზური ურთიერთობები.