წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილი – საქმე სტრასბურგში მიდის

სარჩელი – ”არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ” უკვე დარეგისტრირდა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის მთავარი მტკიცებულება ის საგანგაშო დასკვნაა, რომელიც 10-კაციანმა ექპერტთა ჯგუფმა მომზადდა. სწორედ ამით დადასტურდა, რომ საქართველოს მოქალაქე ოკუპირებულ ცხინვალში სასტიკი წამებით მოკლეს.

საერთაშორისო სტანდარტებით მომზადებული დასკვნა 87 გვერდიანია. ევროსასამართლოში მას დანართად 445 ფურცლიანი სისხლის სამართლის საქმის მასალები მიჰყვება, მათ შორის ფოტომასალა, სადაც კარგად ჩანს ტატუნაშვილის ცხედრის დაზიანებები, ასევე მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის საქართველოს იმ ორი მოქალაქის, რომლებიც 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილთან ერთად აიყვანეს.

ექსპერტთა ჯგუფმა დასკვნის მომზადების პროცესში განმარტებებისთვის რუსეთის ფედერაციის პროკურატურასაც მიმართა, თუმცა მათ პასუხისმგებლობა მოიხსნეს და კითხვები სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგამოძიებო უწყებაში გადაამისამართეს. ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლები ცენტრი „ემპათიისთვის“ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში დანაშაული არ აღიარეს და ბრალი კანონდარღვევაში ტატუნაშვილს დასდეს.

არჩილ ტატუნაშვილის მშობლები ელოდებიან, რომ ევროსასამართლო რუსეთის ფედერაციას მოსთხოვს, მკაცრად დაისაჯოს ის ვინც, მათი შვილი ჯერ აწამა, შემდეგ კი სასიკვდილოდ გაიმეტა.

სარჩელით “საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ,” იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი მკაფიოდ დააყენა.

იუსტიციის სამინისტროს მიერ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგში, რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ეხმიანება საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. მისი თქმით აუცილებელია, რუსეთის უკანონო ქმედებებზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს.

„აუცილებელია, რომ რუსეთის ფედერაციამ იმ უკანონო ქმედებებზე, რომელსაც ის მუდმივად ჩადის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ, ადამიანის უფლებების შეზღუდვის კონტექსტში, ამაზე დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო ყველა პროცედურების დაცვით განიხილავს ამ სარჩელს და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას,“ – აცხადებს ზალკალიანი.

ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პროცესები გააჭიანურა და რუსეთთან შერბილებული პოლიტიკა გამკაცრდეს.