„ჩვენს სკოლაში სწავლობენ ბავშვები ირანიდან, იემენიდან, მაგრამ აუცილებელი მოთხოვნაა ქართულის ცოდნა“

სააგენტოზე მასალის – ფერეიდნელი ქართველი ბიჭი თბილისში სკოლის გარეშე დარჩა“

იხ.

https://www.gmtv.ge/47129-2/

გამოქვეყნების შემდეგ ჩვენ, როგორც წინა წერილში ვთქვით, 123-ე საჯარო სკოლის დირექტორს, თამარ ლოსაბერიძეს დავუკავშირდით.

-სიმართლე გითხრათ ძალიან მეწყინა ამ ადამიანებისგან ასეთი დამოკიდებულება. მე თავად გავესაუბრე ბავშვს, შევადგინეთ მარტივი ტექსტები, ბავშვმა ქართული კითხვა იცის, მაგრამ არ შეუძლია წაკითხულის გააზრება. ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში და პირველი, ძირითადი ენა არის ქართული, ამიტომ მე შევთავაზე ქართული ენის შემსწავლელი კურსების გავლა, ისიც კი ვუთხარი, რომ თუ რომელიმე ცენტრში დაიწყებდა სიარულს, დავეხმარებოდით ჩვენც და უკვე იანვარ-თებერვალში ჩაებარებინა ექსტერნის გამოცდები და რომელ კლასსაც დაძლევდა, იმ კლასში დავსვამდით.

როცა ჩვენთან იყვნენ, მე მივწერე წერილი აღიარების სამსახურს, მაგრამ მოვიდა პასუხი, რომ არ შეესაბამება სტანდარტებს.

იცით, ძალიან საწყენია როცა ასე მოგიხსენიებენ მშობლები და ამ ბიჭის ახლობლები, ჩვენს სკოლაში სწავლობენ ბავშვები ირანიდან, იემენიდან და ყველანაირად ვეხმარებით. მათთვის ინდივიდუალური სამუშაო გეგმა გვაქვს შედგენილი, ზოგიერთი ბავშვი, რომელიც უნდა იყოს მე-8 კლასში, არის მე-4 კლასში, რადგან მხოლოდ ეს პროგრამა დაძლია, ასე რომ ჩვენ განათლების გარეშე არავის ვტოვებთ. იცოდე მხოლოდ კიტხვა, ეს საკმარისი არ არის, საბუნებისმეტყველო საგნებზე რას იზამს ბავშვი? მათემატიკაც სულ სხვა სტანდარტებით აქვს ნასწავლი.

-და ახლა რა უნდა გააკეთონ, ფაქტია ამ ეტაპზე ბავშვი არსად სწავლობს.

აუცილებლად გაიაროს ქართული ენის შემსწავლელი კურსები, მერე ექნება გასაუბრება და ჩააბარებს ექსტერნს, აი რომელ კლასსაც დასძლევს, იმ კლასში ჩაირიცხება. ახლა არ შეუძლია წაკითხულის გააანალიზება, არ შეესაბამება აღიარებას. იმეცადინოს, მოემზადოს საგნობრივად და ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს.

ძალიან ცუდია, რომ ასეთი დამოკიდებულება შეექმნათ, მე პირადად, მინდა ყველა ერთად შევხვდეთ და ვისაუბროთ, რადგან ჩვენი სკოლის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არის ძალიან ფაქიზი, თავადაც შეგიძლიათ მობრძანდეთ და ნახოთ ის მოსწავლეები, რომლებზეც უკვე გესაუბრეთ.