“დამაფიქრა გამოკითხულ სტუდენტთა 40.8 % ის არჩევანმა…” – იმიტირებული არჩევნები

როგორც საზოგადოებამ იცის, არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,პროგრესული თაობა საქართველოსთვის,, სტუდენტებში ჩატარებული იმიტირებული არჩევნების შედეგები წარმოადგინა.

იხ.

https://www.gmtv.ge/48898-2/

შეხვედრას ესწრებოდა იურისტი საჯარო სამართლის დოქტორი  თამთა მეგრელიშვილი. GmTV თამთას დაუკავშირდა და შეხვედრის შესაზებ ჰკითხა.

თამთა მეგრელიშვილი, გიორგი ქაჯაია

ჩემი ყურადღება მიიქცია არასამთავრობო ორგანიზაცი “პროგრესული თაობა საქართველოსთვის” კვლევამ სახელწოდებით “ვის ირჩევს სტუდენტობა პრეზიდენტად” და დამაფიქრა გამოკითხულ სტუდენტთა 40.8 % ის არჩევანმა არ მოიხადოს მოქალაქეობრივი ვალი და არ წავიდეს არჩევნებზე.

ჩვენს საზოგადოებას რომ დაბალი პოლიტიკური კულტურა აქვს და ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხიც დაბალია, გასაკვირი არაა, რადგან 2 საუკუნე საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი ვიყავით მაგრამ დრო გადის და დროა შევიცვალოთ. სახელმწიფოს ნებისმიერი პოლიტიკური ძალისა და გუნდის შემთხვევაში სჭირდება ეროვნულ სახელმწიფოებრივი ერთიანი პოლიტიკურ-კულტურული ღირებულებათა სისტემის შექმნა რომელიც პოლიტიკურ არენაზე პირთა ცვლაზე ნაკლებად იქნება დამოკიდებული და ნებისმიერი გამოწვევის შემთხვევაში შეინარჩუნებს ინსტიტუციურ მდგრადობას. დააკვირდით,მოსახლეობის დიდი ნაწილი ელოდება მხსნელს და მთავრობას მიაწერს მშობლის როლს, რაც თავად მოქალაქის პასიურ როლზე მიუთითებს ანუ საქართველოში ქვეშევრდომული პოლიტიკური კულტურაა გავრცელებული, არადა სასიცოცხლოდ აუცილებელია მონაწილეობითი პოლიტიკური კულტურის დონის ამაღლება.

რა გვჭირდება ამისთვის?

უნდა შეიცვალოს ინდივიდების წარმოდგენები პოლიტიკურ პროცესში საკუთარი როლის შესახებ. მოსახლეობის უმრავლესობას ჩამოყალიბებული აქვს შეხედულებები პოლიტიკური სისტემის სხვადასხვა ობიექტის მიმართ, თუმცა როდესაც საქმე პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას ეხება, ინდივიდების უმრავლესობა პასიურ პოზიციას ირჩევს. ვფიქრობთ, დემოკრატიის სტაბილური განვითარებისათვის აუცილებელია, მოსახლეობაში სამოქალაქო კულტურის დანერგვა. საქართველოში დამკვიდრებული ქვეშევრდომული პოლიტიკური კულტურა დამღუპველია, რადგან დემოკრატიის სტაბილური განვითარებისათვის საჭიროა, რომ მოქალაქეები აქტიურები იყვნენ და ხელისუფლებამ იცოდეს, რომ უკმაყოფილების შემთხვევაში, ხალხი კოორდინირებულ და მიზანმიმართულ ქმედებებს მიმართავს. გარდა პოლიტიკურ პროცესებში საკუთარი როლის დაკნინებისა,საქართველოს მოსახლეობა ღირებულებების გამოწვევების წინაშეც დგას.

ჩვენ თითქოს მხარს ვუჭერთ დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას, სამართლიან არჩევნებს და ა.შ. მაგრამ გვახასიათებს მეტ-ნაკლებად კონსერვატიული შეხედულებებიც. ამიტომ, დღევანდელი რეალობა და საქართველოში არსებული დომინანტური პოლიტიკურიკულტურა არ ქმნის საკმარის საფუძველს დემოკრატიის სტაბილური განვითარებისათვის.

იმისათვის, რომ სახელმწიფომ დასახულ მიზანს მიაღწიოს და განხორციელებულმა რეფორმებმა და ინსტიტუციურმა ცვლილებებმა შესაბამისი შედეგები გამოიღონ, აუცილებელია, მოსახლეობის წარმოდგენებსა და დამოკიდებულებებზე მუშაობა-განაცხადა ჩვენთან საუბარში თამთა მეგრელიშვილმა.