პეტიცია – შეწყდეს მოსახლეობის “გაკულაკება” და დაგროვებითი პენსია გახდეს ნებაყოფლობითი!

სამოქალაქო მოძრაობა, რომლის ხელმძღვანელი ალეკო ელისაშვილია საპენსიო რეფორმის მოთხოვნით პეტიციას ავრცელებს.

შეწყდეს საპენსიო სააგენტოს მიერ მოსახლეობის “გაკულაკება” და დაგროვებითი პენსია გახდეს ნებაყოფლობითი!

საპენსიო სააგენტომ ფულის შეგროვება ისეთ რეჟიმში დაიწყო, სანამ აღნიშნულ სააგენტოში ამოქმედდებოდა საინვესტიციო და რისკების საბჭო და შემუშავდებოდა საინვესტიციო პოლიტიკა. ამ პირობებში ხელისუფლება უკვე გვართმევს ფულს და არ იციან რა უყონ. აღნიშნული საბჭოების დღემდე არ არსებობის გამო, არ არის გამოკვლეული რისკები და გაანალიზებული დაზღვევის მექანიზმები. საპენსიო სააგენტოში არ აქვთ არგუმენტირებული პასუხები მთავარ კითხვებზე – აქვს თუ არა დაკარგვის რეალური საფრთხე ჩვენი ჯიბიდან ამოცლილ თანხას, სად უნდა შეაგროვონ და რა შემთხვევაშია გამართლებული დაგროვებითი პენსიის სისტემის ამოქმედება. მიუხედავად ამისა, ათეულობით მილიონი ლარი უკვე განათავსეს საპენსიო ფონდის მეშვეობით გარკვეულ, თუ გაურკვეველ ანგარიშებზე. გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ წლების განმავლობაში ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფული 20 და 25 წლის შემდეგ ჩვენი ბებია-ბაბუების ანაბრების ბედს გაიზიარებს. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეჩერდეს მოსახლეობის “გაკულაკება”. ერთის მხრივ, აბსოლუტურად გაუაზრებელი და მეორეს მხრივ, თაღლითური ნიშნების შემცველი სქემა სხვა არაფერია თუ არა ხალხისგან ფულის წაღლეტისა და მოსახლეობის გაღატაკების კიდევ ერთი წარმატებული მცდელობა.

 

 

ამიტომ, მოვაწეროთ ხელი პეტიციას, მოვითხოვოთ, რომ დაგროვებითი პენსია გახდეს ნებაყოფლობითი. ვასწავლოთ ხელისუფლებას საუბარი ხალხთან და ჩვენი მოთხოვნების შესრულება.

პეტიციას შეგიძლიათ მოაწეროთ ხელი ლინკზე

https://manifest.ge/main/item/2525/?fbclid=IwAR3AVfAzOcPHXgoMO5rb3Lny_-92FUse_8UzDdlQVedd_M8B0akWwQWaCcc