“რუსეთის დაბრუნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და სანქციის მოხსნა არ იქნება სწორი ნაბიჯი”

დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და მონაწილეობა მიიღო დებატებში თემაზე: „ეროვნული პარლამენტები და ევროპის საბჭო: ერთად დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობისთვის“.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი ერთ-ერთი ლიდერია ევროსაბჭოსთან მჭიდრო ურთიერთობის კუთხით. მისი თქმით, ამ წარმატებული თანამშრომლობის შედეგია, ის რომ საქართველოს პარლამენტმა ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის შედეგად ადამიანთა უფლებების სტრატეგია დაამტკიცა და მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის ფარგლებში მთავარი პრიზი – „ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდო” გადაეცა. „შეუძლებელი იქნებოდა ეს ყველაფერი ევროსაბჭოს მხარდაჭერის გარეშე“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშილის განცხადებით, ევროსაბსაბჭოს წევრებს, ამავდროულად მართებთ უფრო მეტი პრინციპულობა და თანმიმდევრულობა, როცა საქმე ადამიანის უფლებებს შეეხება. „არსებობს ერთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, არა მრავალი. შესაბამისად, მას სჭირდება სწორი და თანმიმდევრული ინტერპრეტაცია“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველამ ერთად უნდა დაიცვას ის ღირებულებები, რისთვისაც შეიქმნა ორგანიზაცია და მნიშვნელოვანია, რომ დელეგატები თავიანთ საქმიანობას უფრო შემოქმედებითად მიუდგნენ.

დებატების დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციის მიმდინარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„ძალიან სერიოზულ საკითხებზე მიდის მსჯელობა. ეს არის ევროპის მომავალი, ევროპის დღევანდელი პრობლემები, აგრეთვე, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის საკითხში პარლამენტებს შორის თანამშრომლობის თემები.

მე მქონდა გამოსვლა კონფერენციაზე, სადაც ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ საჭიროა მეტი პრინციპულობა ევროსაბჭოს მხრიდან იმისათვის, რომ საბაზისო ღირებულებები იქნეს დაცული. კოლეგებს შევახსენე, რომ სამი წლის წინ, საქართველოს დაუწესდა ორწლიანი სანქცია იმის გამო, რომ რუსეთის დუმის დეპუტატებს არ მივეცით საშუალება ქართული კანონების დარღვევით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების. უკრაინა, ამის შემდეგ მოხდა. ასე რომ საერთაშორისო სტრუქტურები თუ არ იქნებიან პრინციპული მაშინ როდესაც ამას ჯერ კიდევ აზრი აქვს, მაშინ მივიღებთ უფრო დიდ ტრაგედიებს. მე კოლეგებს გავუზიარე ეს ძალიან პრინციპული ხედვა, რომ რუსეთის დაბრუნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და სანქციის მოხსნა არ იქნება სწორი ნაბიჯი იმიტომ, რომ არც ერთი ის პრობლემა, რის გამოც რუსეთს სანქცია დაუწესდა არ არის მოგვარებული. პირიქით, ვითარება უარესდება. ასე რომ ასეთ ფორუმებზე ჩვენ შევეცდებით დავიცვათ საქართველოს ინტერესები და აგრეთვე ის ღირებულებები, რომლის გარშემოც აშენდა ევროპა და უნდა განვითარდეს მომავალში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დღეს, სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა ორდღიანმა ევროპულმა კონფერენციამ. ორდღიან ფორუმს ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები და პარლამენტის წევრები ესწრებიან.

ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპული კონფერენცია ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში 350-მდე დელეგატი იღებს მონაწილეობას. ღონისძიება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერაა ორგანიზებული.

კომენტარის დატოვება