“ხვალიდან ოკუპანტები ისევ აპირებენ სამუშაოების გაგრძელებას და მავთულხლართები გლეხების ვენახებზე გაივლის”

“ხალხის პარტიის” ლიდერი ალექსანდრე კობაიძე საზღვრისპირა სოფელ კოშკაში იმყოფებოდა. ის ამბობს, რომ 2 სექტემბრიდან ბორდერიზაციის პროცესი გაგრძელდება და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს არ დაუშვან ახალი მავთულხლართების გაბმა.

GMTV ალექსანდრე კობაიძეს დაუკავშირდა.

-ჩვენი ინფორმაციით ამ ეტაპზე ოკუპანტებმა სამუშაოები გააჩერეს, თქვენ ადგილზე იმყოფებოდით და რას გვეტყვით, რა ხდება ახლა კოშკაში, სოფელში, სადაც სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ უკვე 7-8 ოჯახიღა იყო დარჩენილი.

-დღეს როგორც ქართველებს, ასევე ოსებს აქვთ დღესასწაული და ამის გამო ბორდერიზაციის პროცესი ნამდვილად შეჩერებულია, მე ვიყავი ოკუპანტის მიერ დასმულ ბოლო ბოძთან, აი სწორედ ამ ადგილიდან აპირებენ ხვალ ახალი მავთულლართების გაბმას, რადგან ხვალ უკვე დღესასწაული არ არის და სამუშაოებს გააგრძელებენ.

მინდა მოვუწოდო შესაბამის სტრუქტურებს, რომ არ დაუშვან ახალი ბორდერიზაცია და ყველა ღონე იხმარონ, ოკუპაციის შესაჩერებლად. თუ ხვალ ეს სამუშაოები გაგრძელდება, მავთულხლართები ჩვენი გლეხების ვენახებზე გაივლის და კიდევ უფრო დამძიმდება მდგომარეობა.