პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

მარიამ ახალკაცი

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას კომენტარი მომხდართან დაკავშირებით

“დარწმუნებული ვარ, მოზარდის გარდაცვალების საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი გამოიძიებს ისე, რომ არ დარჩება არც ერთი კითხვის ნიშანი,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა და 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაევალათ, გამოძიებასთან ინტენსიურად ითანამშრომლონ.

გარდა ამისა, გიორგი გახარიას განმარტებით, მომხდარიდან აუცილებელია კონკრეტული დასკვნების გაკეთება.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ 15 წლის მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. დარწმუნებული ვარ, რომ სახელწიფო ინსტრუქტორის აპარატი, სრულად, გამჭვირვალედ და ღიად გამოიძიებს ამ საქმეს, ისე რომ არ დარჩება არცერთი კითხვის ნიშანი. შესაბამისი დავალებები მიიღო ყველა უწყებამ, რომ სრულად ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, თუმცა ჩვენ ნაბიჯები უნდა გადავდგათ უფრო სწრაფად.

ვფიქრობ, რომ დღეს არ არის დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების, დღეს არის დრო კონკრეტული ნაბიჯების, რათა ის რასაც სახელმწიფო აკეთებს სისტემური რეფორმის მიმართულებით, ყველაფერი რაც ეხება ახალგაზრდებზე ზრუნვას, იყოს უფრო ეფექტური, შედეგიანი და თავიდან აგვარიდოს მსგავსი ტრაგიკული მოვლენები,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.