ევროკავშირი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს

მარიამ ახალკაცი

ევროკავშირი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებელ გათავისუფლებას ითხოვს. განცხადებას ევროკავშირის საგარეო სამსახური ავრცელებს:

“9 ნოემბერს ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შემდეგ, ევროკავშირმა არაერთხელ მოითხოვა მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება. დღევანდელი მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ კვლავ ვაჟღერებთ ჩვენს მოლოდინს, რომ ცხინვალში კონტროლის განმახორციელებელი ხელისუფლება დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილს და იგი ოჯახს დაუბრუნდება. ჩვენ აგრეთვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმა ადგილობრივი მოსახლეობის შეუზღუდავი და თავისუფალი გადაადგილების აღსადგენად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ვაჟა გაფრინდაშვილს 20 დეკემბერს „ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) დე ფაქტო სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.