“ხელისუფლება ამბობს იმას, რაც ხელისუფლებამ უნდა ილაპარაკოს შექმნილ ვითარებაში

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმებისას იმ კონკრეტულ გვარებზე იყო საუბარი, ვინც საპატიმრო უნდა დატოვოს და ამასთან დაკავშირებით, ხელისუფლება ამბობს იმას, რაც უნდა ილაპარაკოს.

“ხელისუფლება ამბობს იმას, რაც ხელისუფლებამ უნდა ილაპარაკოს შექმნილ ვითარებაში, ოპოზიცია ამბობს იმას, რაც ოპოზიციამ უნდა ილაპარაკოს, საქართველოს მოქალაქე და საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ აკვირდება იმას, რამდენად პატიოსნად შეასრულებს ორივე მხარე აღებულ ვალდებულებებს”, — განაცხადა ვაშაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან გაფორმებულ შეთანხმებაში, პოლიტიკური პატიმრების შესახებ ჩანაწერი არ არსებობს. მისი თქმით, ყველა შეთანხმდა, რომ მართლმსაჯულება “პოლიტიკური კალენდრის ნაწილი” ვერ იქნება.