“მაისისთვის 100 ათასი ტესტი გვექნება”

დღისთვის საქართველოში 10 ათასზე  მეტი სწრაფი ტესტია შემოსული, ორშაბათისთვის კიდევ 40 ათას ველოდებით და მაისის დასაწყისისთვის სულ ასი ათასი ტესტი გვექნება. აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში სულ 5 ათასზე მეტი ტესტია გამოყენებული, 9 ათასი კი კლინიკებშია დარიგებული.  .

“ტესტები დარიგებულია ყველა საავადმყოფოში, სადაც მიმდინარეობს როგორც პაციენტების, ასევე მათი თანამშრომლების ტესტირება, შემდგომ ხდება PCR ტესტით გადამოწმება და საეჭვო შემთხვევებზე საბოლოო პასუხი იქნება ცნობილი,“ – განაცხადა ეკატერინე  ტიკარაძემ.

ტიკარაძის ინფორმაციით, ბენეფიციარებად მოიაზრებიან პირველ ეტაპზე  ფარმაცევტები და სასურსათო მაღაზიების თანაშრომლები, თუმცა კონკრეტულად აღნიშნული ღონისძიება როდიდან იგეგმება, უცნობია.

ეკატერინე ტიკარაძემ ბოლო დღეებში ვირუსის გავრცელების კლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ესეთი დინამიკა ვირუსს ახასიათებს და არ უნდა იფიქროს საზოგადოებამ, თითქოს პიკმა გადაიარა.

“სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ყველა ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სწორედ ამ ეფექტით სამი თვის მანძილზე ვმართავთ გრიპის ტალღებს და გრიპის პიკურ ფაზას ისე, რომ ჩვენ არ გვყავს ათასობით დაინფიცირებული პაციენტი. მესმის, რომ  გვჭირს გადაადგილება და ტრანსპორტი შეზღუდულია, მაგრამ ყველა ეს ღონისძიება არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ საშუალებას გვაძლევს სოციალური დისტანცირება უმკაცრესად დავიცვათ, რის შედეგადაც დღეს ჩვენ 2000 და 500 პაციენტი კი არ გვყავს, არამედ, მხოლოდ 305 პაციენტი გვყავს სტაციონარში“, – განაცხადა ტიკარაძემ.