ამ ეტაპისთვის თბილისში შეზღუდვების დაწესებისთვის საფუძველი არ არსებობს

ამ ეტაპისთვის თბილისში შეზღუდვების დაწესებისთვის კონკრეტული საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის არსებული რეკომენდაციების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საბჭო დედაქალაქში ვითარებას აკვირდება.

„კვლავ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ნიღბების ინტენსიური გამოყენება, ასევე, რა თქმა უნდა, სოციალური დისტანცირება, რადგან უკვე დედაქალაქში გვაქვს საგრძნობლად მომატებული რიცხვი, რაც, რა თქმა უნდა, საყურადღებოა. ასევე დედაქალაქის მიმართულებით გარკვეულ დაკვირვებებს ვაწარმოებთ იმისთვის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რა ზომებს მივიღებთ ჩვენ აქ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ბოლო მონაცემებით

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 12272
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 6538
  • მათ შორის გარდაცვლილი – 91
  • კარანტინის რეჟიმში – 5590
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1393
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41