მამუკა მდინარაძე: ოპოზიციონერ დეპუტატებს კიდევ ერთ შანსს ვაძლევთ, რომ სახელმწიფოებრივად იფიქრონ და საპარლამენტო ცხოვრებაში ჩაერთონ

ოპოზიციონერ დეპუტატებს კიდევ ერთ შანსს ვაძლევთ, რომ სახელმწიფოებრივად იფიქრონ და საპარლამენტო ცხოვრებაში ჩაერთონ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„როდესაც რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, გამოდიან მოწოდებებით, რომ შევუწყვიტოთ უფლებამოსილება, ჩვენი ინფორმაციით ბევრი მათგანი ასეთ სურვილს არ გამოხატავს. ჩვენ კიდევ ერთი შანსი მივეცით, რომ ისინი გამოვიდნენ რადიკალური ოპოზიციის ბულინგიდან და გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამ შემთხვევაში ერთი მხრივ იქნება მოსახლეობის 2/3-ის გამომხატველი, 39 პროცენტი არის ის რიცხვი, რომლსაც წარმოადგენენ საპარლამენტო ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს მანდატების შეწყვეტას ითხოვენ.

ბევრი დეპუტატი, თავად საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თავს იკავებს ტელეკამერებთან გამოჩენისგან, ჩვენ იმ დეპუტატებს, რომლებიც არ ჩნდებიან ტელეკამერებთან, არ ხსნიან მათ პოზიციას, მხოლოდ მათი განცხადებები გვაქვს ნანახი, ამ დეპუტატებს ვაძლევთ კიდევ ერთ შანსს, რომ სახელმწიფოებრივად იფიქრონ და მიიღონ გადაწყვეტილება ჩაერთონ საპარლამენტო ცხოვრებაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.