მამუკა მდინარაძე – ირაკლი კობახიძეს „სავსე და ცარიელი ხელები“ რომ არ ეხსენებინა, ოპოზიციას რა ეშველებოდა, მესიჯბოქსი რაზე უნდა ჩამოეკიდებინათ?!

ირაკლი კობახიძეს სავსე და ცარიელი ხელები რომ არ ეხსენებინა, ოპოზიციას რა ეშველებოდა?! მესიჯბოქსი რაზე უნდა ჩამოეკიდებინათ? – ეს განცხადება დღეს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

როგორც მდინარაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი ევროპელ პარტნიორებთან მხოლოდ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე კი არ ისაუბრებს, არამედ ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ ასრულებს ქართული სახელმწიფო ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

“საუბარია იმ რეფორმებზე, რომლის განხორციელებაც მიდის. როცა ჩვენ თამამი განცხადება გავაკეთეთ, რომ 2024 წელს განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე, ამას საფუძვლად სჭირდება არა მხოლოდ დემოკრატიული ხარისხის განვითარება, არამედ შესაბამისი პირობების შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ასეთი განაცხადის გაკეთების. ეს არის მთავარი, რაზეც ღარიბაშვილი ისაუბრებს. ასევე იმ საკითხებზეც, რაც ჩვენი მხრიდან წარდგენილია მოლაპარაკებების პროცესში და სამწუხაროდ, ჩვენი მხრიდან ვერ ხმოვანდება, რადგან პირობებს ვიცავთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.