სერგი კაპანაძე – თუ გიორგი გახარიას პოლიტიკაში დარჩენა სურს, 20 ივნისთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, თუკი, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დარჩენა სურს, მას 20 ივნისთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

„მე არ ვიცი, გიორგი გახარია რას აპირებს. ამაზე ალბათ, თვითონ ისაუბრებს, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ გახარიას, ისევე როგორც მასთან დაახლოებულ სხვა ადამიანებს, ძალიან ბევრ კითხვაზე აქვთ პასუხი გასაცემი, მათ შორის, 20 ივნისთან დაკავშირებით, მათ შორის, ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციასთან, როგორ ხდებოდა სუს-ის გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, როგორ ხდებოდა უკანონო მოსმენები. ასევე, ძალიან ბევრ პრობლემაზე, რომელიც ამ ქვეყანაშია, პირადად პასუხისმგებელია ბატონი გახარია, ამიტომ თუ მას უნდა პოლიტიკაში დარჩენა, ეს რა თქმა უნდა, მისი გადასაწყვეტია, აუცილებლად მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა“, – განაცხადა კაპანაძემ.