ალექსანდრე კობაიძე პოლიტიკურ პარტიებს: ხალხის დავიწყება ძვირად დაგიჯდებათ, მათ თქვენი, ჩვენი დახმარება სჭირდებათ და თქვენ კინკლაობთ – ქართული საზოგადოება იმსახურებს უკეთესს მომავალს

„თუ დროულად არ მოხვედით გონს, საქართველო განწირულია,” – ასე მიმართავს  პარტია „პროგრესული საქართველოს” ლიდერი ალექსანდრე კობაიძე პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის პირობებში მოლაპარაკებების მაგიდაზე სხედან და კომპრომისს  უიმედოდ ეძებენ.

მისივე თქმით, ქართული საზოგადოება იმსახურებს უკეთესს მომავალს, უკეთესს პარლამენტს, სადაც იმ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, რაც აწუხებს ქართველ ხალხს.

„ქვეყანაში ცხოვრება გაძვირდა.  არც ერთი პოლიტიკოსი, არც ერთი გამოცდილი პარტია არ საუბრობს ყოფით პრობლემებზე, რაც მოსახლეობას იმაზე ბევრად მეტად აწუხებს, ვიდრე მოლაპარაკებებია.

ხალხის დავიწყება ძვირად დაგიჯდებათ! თითოეული მოქალაქის ყოველდღიურობა უარესდება, ძვირდება და მძიმდება. მათ თქვენი, ჩვენი დახმარება სჭირდებათ და თქვენ კინკლაობთ!  ბოლო მონაცემებით, საქართველოში 750 ათასზე მეტი ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს,  ათასობით ბავშვი შიმშილობს და განათლების გარეშეა დარჩენილი. საინტერესოა, რა პასუხს გასცემთ მათ!

პოლიტიკური ელიტა წამითაც არ დაფიქრებულა იმ ასი ათასობით ადამიანზე, რომელთაც სიღარიბის მიღმა უწევთ ცხოვრება. ლარი დღითი დღე უფასურდება – კატასტროფას განიცდის და მიუხედავად ამ ყველაფრისა თქვენ, ეკონომიკის ზრდაზე საუბრობთ, ეს წარმოუდგენელია.

ქართული საზოგადოება იმსახურებს უკეთესს მომავალს, უკეთესს წარმომადგენლობით ორგანოს, სადაც იმ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, რაც აწუხებს ქართველ ხალხს!

დღეს, მმართველმა პარტიამ სრულიად დაკარგა ნდობაც და კომუნიკაციაც საკუთარ ამომრჩეველთანაც კი. პოლიტიკოსებს ერთი მნიშვნელოვანი რამ გამორჩათ – ჰკითხონ ხალხს რა სურთ და რა უნდათ.  ერთიანობა გვჭირდება ყველაზე მეტად ასეთ მძიმე და კრიტიკულ ვითარებაში!”, – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

„პროგრესული საქართველოს”  ლიდერი საწვავის რეკორდულად მაღალ ფასზე და არ არსებულ შეღავათებზეც საუბრობს.  იგი ასევე აღნიშნავს, რომ ლარის მდგომარეობის გათვალისწინებით ეროვნული  ბანკი სრულიად უმოქმედოა.

„საწვავის ფასი ყოველდღე ახალ-ახალ რეკორდებს ხსნის და ამის ფონზე  არანაირი შეღავათი არ ჩანს არსაიდან. სახელმწიფოს არც ერთმა წარმომადგენელმა  არაფერი თქვა  შექმნილი მდგომარეობის შესახებ!

საწვავის ფასი უნდა შემცირდეს!  ხალხის ყოველთვიური შემოსავლის შემცირების ფონზე, არნახულად იზრდება პროდუქტების ფასები, საწვავისა და კრედიტის საერთო ოდენობები.

ეროვნული ბანკი ვერც რაიმეს აკეთებს, ვერც პასუხისმგებლობას იღებს ლარის მდგომარეობის შესახებ.

ყველა ჩვენგანს გაგვიძვირეს სესხი, ისე, რომ არც კი გვკითხეს – შეტყობინებები გამოგვიგზავნეს!

პანდემიის პერიოდში ბანკები მოგებაზე გავიდნენ. გადაგვივადეს სესხები და პროცენტი მოგვიმატეს, ეროვნული ბანკი და მთავრობა დუმს, სწორედ ეს დუმილი შემოგიბრუნდებათ!

თუ დროულად არ მოხვედით გონს, საქართველო განწირულია!’, – აცხადებს კობაიძე.