ხიზაბავრაში მამაკაცის ცემისა და მისთვის საფლავის გათხრაში ბრალდებულ გამგებლის ყოფილ წარმომადგენელსა და მის მეგობარს 9-9 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ

სოფელ ხიზაბავრაში გამგებლის ყოფილ წარმომადგენელს და მის მეგობარს, 37 წლის მანუჩარ მურადაშვილის გატაცების, ცემის და საფლავის გათხრის იძულებისთვის, სასამართლომ 9– 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, კ.პ.-მ და ი.გ.-მ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში, იმ მოტივით, რომ კ.პ.-ს საცხოვრებელი სახლიდან თანხის ქურდობის ფაქტი მ.მ-ს ეღიარებინა, უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ცემით აიძულეს საკუთარი თავის დამარხვის მიზნით მიწა ამოეთხარა”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა კ.პ და ი.გ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2020 წლის 25 აგვისტოს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი ჯგუფურად) და 144 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (წამება ჩადენილი, ჯგუფურად) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ კ.პ და ი.გ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, თითოეულს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

შემთხვევა 2020 წლის 22 აგვისტოს საღამოს მოხდა, როგორც მურადაშვილი ამბობდა, ხიზაბავრაში გამგებლის ყოფილმა წარმომადგენელმა და მისმა მეგობარმა მანქანაში მოტყუებით ჩაისვეს, სცემეს და სოფლის სასაფლაოზე საკუთარი საფლავის გათხრის მიზნით წაიყვანეს.

ფოტო: sknews.ge