უნდა მოვახდინოთ საზოგადოების მობილიზება, რომ ეს საშიში რეჟიმი დავამარცხოთ დემოკრატიული გზებით – გიგა ბოკერია

ჩვენს გადაწყვეტილებას ეს განცხადებები არ შეცვლის, ჩვენი საუკეთესო მეგობრის პოზიციას დიდ პატივს ვცემთ, თუმცა რაც მიგვაჩნია ქვეყნისთვის საჭიროდ, მხოლოდ ისეთ ნაბიჯს გადავდგამთ ყოველთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ სამი ევროპარლამენტარის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმთ, აღნიშნული დოკუმენტი შედეგის მომტანი არ არის.

„მეტი სიმყარისთვის შეიძლებოდა იმ ტიპის შეთანხმების მიღწევა, რომელიც მართლა მოიტანდა შედეგს ან გაამყარებდა საზოგადოების, პოლიტიკური ინსტიტუტების, სახელმწიფო ინსტიტუტების და არჩევნების ნდობას, ეს არ მოხდა. ახლა ამ არასახარბიელო შედეგის შემდეგ ეს ფურცელი უნდა დაიხუროს და ჩვენ ამ რთულ ვითარებაში უნდა მოვახდინოთ მოქალაქეების მობილიზება, ქვეყნისთვის საშიში რეჟიმი დავამარცხოთ – მშვიდობიანი დემოკრატიული გზებით“, – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წინააღმდეგია, 20 ივნისის საქმეებზე ამნისტია გამოცხადდეს, რასაც შედეგად მათი პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლება უნდა მოჰყვეს.

სამმა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანმა, ვიოლა ფონ კრამონმა და სვენ მიქსერმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

„ჩვენ მოვუწოდებთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს და პარლამენტის ინდივიდუალურ წევრებს, გამოიჩინონ ანალოგიური გამბედაობა და იმოქმედონ საქართველოს კეთილდღეობისთვის, რათა პოლიტიკური კრიზისი სრულად და საბოლოდ დარჩეს წარსულში“, – ნათქვამია განცხადებაში.