უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაციის საკითხები. ორივე ქვეყანა ვართ ძალიან მოტივირებული, რომ ძალიან მალე გავხდეთ ,,ნატო”-ს სრულფასოვანი წევრები – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა.

„ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ. რა თქმა უნდა, ორივე ქვეყანა არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ჩვენ, ამ საკითხზე, ბუნებრივია, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ხელი მოაწერა მემორანდუმს „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადია. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაციის საკითხებიც. ორივე ქვეყანა ასევე ვართ ძალიან მოტივირებული, რომ ძალიან მალე გავხდეთ ,,ნატო”-ს სრულფასოვანი წევრები. მოგეხსენებათ, რომ ბუქარესტის სამიტზე, მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ,,ნატოს” წევრები და წლების მანძილზე, ჩვენმა ქვეყნებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ამ გზაზე“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.