ირაკლი ღარიბაშვილი – „მთავარი არხის“ თანამშრომლემა ნებართვის გარეშე, ჩემი პირადი ნომრის გამოყენებით, დამარეგისტრირეს მეორე აცრაზე, მადლობა, რომ ასე ზრუნავენ ჯანმრთელობაზე, მაგრამ ეს სამარცხვინო საქციელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მან გაყალბებული კოვიდბარათი აიღო, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, გუშინ „მთავარმა არხმა“ მორიგი სიცრუე და პროვოკაცია ჩაიდინა.

„ჩემი ნებართვის გარეშე, ჩემი პირადი ნომრის გამოყენებით შევიდნენ, დამარეგისტრირეს მეორე აცრაზე. იცით, რომ მე ერთხელ ვარ აცრილი „ფაიზერით“ და მაქვს კიდევ რამდენიმე კვირა. პროტოკოლით არის განსაზღვრული 21-28 დღე, ან 42 დღემდე მაქსიმუმ. ჯერ არ არის გასული 28 დღე, მადლობა რომ ასე ზრუნავთ ჩემს ჯანმრთელობაზე, მაგრამ ჩემი პირადი ნომრით, ჩემი ნებართვის გარეშე შედიან თქვენი თანამშრომლები და მართლაც ასეთ სიყალბეს ჩაიდენენ, არის ძალიან სამარცხვინო საქციელი. ასევე, გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს მე ავიღე გაყალბებული კოვიდბარათი. ამის თაობაზე იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა განმარტება. ეს არის ჩვეულებრივი საინფორმაციო ბარათი, რომელიც ჩემი დავალებით, იუსტიციის სამინისტრომ დაამზადა და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ნებისმიერ დროს აიღოს. ეს ბარათი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას ადამიანის შესახებ – თუ იგი არის ვაქცინირებული, რამდენი დოზით, რამდენჯერ, ბოლო პისიარტესტის შედეგები და ასევე ის ინფორმაცია, მას ჰქონდა თუ არა გადატანილი კოვიდი. ეს არის ძალიან მარტივი საინფორმაციო ბარათი, რომელსაც დავარქვით კოვიდბარათი.

სამწუხაროა, როდესაც ასეთი ტყუილებით საზოგადოება შეგყავთ შეცდომაში. „მთავრი არხი“ სამწუხაროდ, ეწევა ამ დემაგოგიას და ტყუილის ტირაჟირებას. ამიტომ იკითხეთ ხოლმე, გაარკვიეთ, გადაამოწმეთ და ისე გაავრცელეთ.

მისასალმებელია, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა ამის თაობაზე გააკეთა განმარტება, დაინტერესება გამოიჩინეს და მივესალმები ამ ფაქტს. არ შეიძლება, ადამიანების ნებართვის გარეშე პირადი მონაცემები გამოიყენო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მომხდარზე მოკვლევა დაიწყო.