არ მინდა დავიჯერო, რომ „ლელოში” ეგეთი სულელები არიან – როდესაც ბილბორდს ყიდულობ, მას აქვს გარკვეული ვადა – კახა კალაძე

„ლელოს“ წარმომადგენლები ვერავის გაასულელებენ”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ლელოს“ გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის დღევანდელ განცხადებას, სადაც ამბობს, რომ თბილისში კალაძის საარჩევნო ბანერები პროექტის – „თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ სანაცვლოდ განთავსდა.

„არ მინდა დავიჯერო, რომ „ლელოში” ეგეთი სულელები არიან. როდესაც ბილბორდს ყიდულობ, მას აქვს გარკვეული ვადა. წარმოადგინონ თუ აქვთ ამასთან დაკავშირებით მტკიცებულება, რომ ვადა გასული არ იყო. ვერავის ვერ გაასულელებენ დღეს და ვერავის ვერ მოატყუებენ. ეს სპეკულაციები დაიტოვონ თავიანთ პარტიაში და გამოიყენონ თავისთვის,” – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, „ლელოს” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა მედეა მეტრეველმა და პარტიის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ბადრი ჯაფარიძემ საარჩევნო ბილბორდების შესახებ  გამართულ ბრიფინგი განაცხადეს, რომ  „ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიას „იუნესკოს” პროექტი შეეწირა.

კერძოდ, საუბარი შეეხო თამარაშვილის ქუჩაზე თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ბილბორდზე, რომლის ადგილას ახლა კახა კალაძის საარჩევნო ბანერიაგაკრული.